მიხეილ სარჯველაძე - ავსტრიის კანცლერის განცხადება იყო სილის გაწნა მათთვის, ვინც ტყუილ ამბებს იგონებს, რათა ხელისუფლების გასალანძღად სახელმწიფოს ლანძღვა გამოიყენონ
სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები საკუთარ ხსნას და პროგრესს ამ ქვეყნის წარუმატებლობაში ხედავენ, არარსებულ დარღვევებს თხზავენ და იგონებენ მხოლოდ იმიტომ, რომ სახელმწიფოს რეპუტაციული ზიანი მიაყენონ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძეს კომენტარი სთხოვეს ავსტრიის კანცლერის გუშინდელ განცხადებებთან დაკავშირებით.
სარჯველაძის თქმით, ავსტრიის კანცლერის განცხადება იყო სილის გაწნა მათთვის, ვინც ტყუილ ამბებს იგონებს იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლების გასალანძღად სახელმწიფოს ლანძღვა გამოიყენონ.
„მთელი მსოფლიო ძალიან მაღალი დონის ავტორიტეტული წყაროებიდან ინფორმაციას იღებს იმის შესახებ, რომ საქართველო საერთაშორისო ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს და არავითარ დარღვევას ადგილი არ აქვს. საფინანსო სექტორი სახელმწიფო დეპარტამენტმა შეაფასა, გუშინ ავსტრიის კანცლერმა გააკეთა განცხადება. სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები საკუთარ ხსნას და პროგრესს ამ ქვეყნის წარუმატებლობაში ხედავენ, როცა ამ ქვეყანას ექნება პრობლემები, მათ შორის რეპუტაციული თვალსაზრისით. ამიტომ ისინი არარსებულ დარღვევებს თხზავენ და იგონებენ მხოლოდ იმიტომ, რომ სახელმწიფოს რეპუტაციული ზიანი მიაყენონ. ეს არის ამ ქვეყნის ინტერესების მტრობა მაშინ, როცა არავის მიზეზი არ აქვს, რომ ქვეყანას სანქციების გვერდით ავლა დააბრალოს. რა თქმა უნდა, ავსტრიის კანცლერის განცხადება იყო სილის გაწნა მათთვის, ვინც ტყუილ ამბებს იგონებს იმისთვის, რომ ხელისუფლების გასალანძღად სახელმწიფოს ლანძღვა გამოიყენონ“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე, გუშინ განაცხადა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის და აქვე, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიმართ დახმარების მზადყოფნა გამოხატა.
კარლ ნეჰამერის განცხადებით, მოხარულია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის ყველა ფინანსურ სანქციას. „ეს არ არის მარტივი, რადგან საქართველოზე ზეწოლა ძალიან მაღალია, ლტოლვილთა დიდი ნაკადი დაატყდა თავს რუსეთიდან“, – აღნიშნა ავსტრიის კანცლერმა.