მიხეილ სარჯველაძე - აშშ-ის მოქალაქის არშემოშვებაზე კონკრეტულ ინფორმაციას არ ვფლობ, ვინმე რევოლუციური სცენარების განვითარებას თუ გეგმავს, საზოგადოებას ინფორმაცია უნდა ჰქონდეს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განაცხადებით, კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს, რატომ არ შემოუშვეს საქართველოში აშშ-ის მოქალაქე მარშალ ქომინსი.
მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციაზე მეტად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ენდობა.
„ამ საკითხის ირგვლივ კონკრეტულ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ ოპოზიციის მხრიდან შეიმჩნევა ინტერპრეტაციები, რაც აშკარად გაჟღენთილია ინსინუაციების სუნით. არ მაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებასთან ურთიერთკავშირში იყოს. სიმართლე გითხრათ, ნაკლებად დამაჯერებლად მეჩვენება, რომ ეს ერთმანეთთან დაკავშირებულია. საზოგადოებას ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, თუ ვინმე რევოლუციური სცენარების განვითარებასა და აქ რაღაც დესტრუქციული ქმედებების განხორციელებას გეგმავს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილის ინფორმაციით, აშშ-ის მოქალაქე მარშალ ქომინსი, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს, შემჩნეული იყო 7-8 მარტის აქციებზე დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების დატრენინგებასა და მითითებებთან დაკავშირებულ საქმიანობაში.