მიხეილ სარჯველაძე - ასეთი რამ არ მომხდარა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე პრეზიდენტს გავრილოვის სახელი ეხსენებინა, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე პროტესტი სამართლიანი იყო
ასეთი რამ არ მომხდარა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე ვინმეს, პრეზიდენტს გავრილოვის სახელი ეხსენებინა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის სიტყვის მიმართ ბევრმა გამოხატა უკმაყოფილება.
„ძალიან ცუდად გამოიყურებოდა ეს. მეც გამიჩნდა პროტესტი. ჩემი აზრით, ჩემმა კოლეგამ სავსებით სამართლიანი პროტესტი გამოხატა. სხვათა შორის, ბევრმა გამოხატა უკმაყოფილება, აშკარად იგრძნობოდა. ბევრმა ჩემმა კოლეგამ ტაშიც არ დაუკრა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
კითხვაზე, პროტესტის გამოხატვისას ხომ არ უხსენებია ვინმეს სიტყვა „მოღალატე“, სარჯველაძემ აღნიშნა:
„ზუსტად ვერ აღვიდგენ ტექსტს, რა ითქვა, მაგრამ მკაცრი უკმაყოფილება გამოითქვა ირაკლი ქადაგიშვილის მხრიდან. მეც გამოვთქვამდი უკმაყოფილებას და ბევრი ჩემი კოლეგა. ასეთი სიტყვით გამოსვლა კატეგორიულად მიუღებელი იყო. კატეგორიულად მიუღებელია, ეროვნულ დღესასწაულზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე პრეზიდენტი გამოდიოდეს, ფიცის დადების ცერემონიალზე მიმართავდეს ჯარს, წვევამდელებს და ელაპარაკებოდეს ისე, როგორც, მაგალითად, ჩვეულებრივ, მიმდინარე რაღაც თემებზე ინტერვიუს ფორმატში ისაუბრებდა. ეს ყველაფერი მართლა ძალიან უგვანოდ გამოჩნდა და გარკვეული პროტესტის გრძნობა გამოიწვია. განცხადებასთან მიმართებით სამართლიანად გამოხატული პროტესტი იყო, არც ჩვენ გვსიამოვნებდა იმ ყველაფრის მოსმენა, რასაც ვისმენდით, პრეზიდენტმაც მოისმინოს ათასში ერთხელ ასეთი უკმაყოფილება. კონკრეტული ტექსტი არ მახსოვს, რა ითქვა, მაგრამ არცერთ სიტყვასთან დაკავშირებით, რომელიც ირაკლი ქადაგიშვილმა და ჩვენგან ბევრმა თქვა, არავითარი პროტესტი არ გამჩენია, რადგან ყველაფერი იყო სამართლიანი. უკმაყოფილებას ვუზიარებდი კოლეგებს, რამდენად ხმამაღლა გამოვიდა და ტემბრი როგორი მქონდა, ნამდვილად ვერ აღგიწერთ, შეგიძლიათ, თქვენ შეაფასოთ. ქადაგიშვილმა შედარებით ხმამაღლა წამოიძახა, სავსებით სამართლიანი უკმაყოფილება გამოთქვა, ამას ყვირილს ნუ დაარქმევთ“, – განუცხადა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს.