მიხეილ სარჯველაძე - არჩევნების გადადებაზე სახალხო დამცველის განცხადება ოპოზიციური პარტიების ინტერესს ემთხვევა
მიხეილ სარჯველაძე - არჩევნების გადადებაზე სახალხო დამცველის განცხადება ოპოზიციური პარტიების ინტერესს ემთხვევა

პრაქტიკულად, არჩევნების გადადებაზე გაკეთებული განცხადების უკან დგას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, სხვაგვარად კონსტიტუციის მიხედვით, არჩევნების გადადება შეუძლებელია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების გადადებაზე სახალხო დამცველის განცხადება ემთხვევა ინტერესს,  რომელიც ოპოზიციურ პარტიებს აქვთ.

„გამოდის, რომ სახალხო დამცველი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს იმ ფონზე, როცა პრაქტიკულად, კორელაცია ერთმანეთთან შეუძლებელია – წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების, უშუალოდ არჩევნების დღისა და ეპიდემიოლოგიური რისკების ერთმანეთთან დაკავშირების თვალსაზრისით. რეალურად, შესაძლებელია, არჩევნები ისე ჩატარდეს, რომ ეს თავსებადი იყოს კოვიდრეგულაციებთან მიმართებით. თუ ეს შესაძლებელია, მაშინ არგუმენტირებული აღარ გამოდის მოთხოვნა, რომელიც არჩევნების სხვა დროს ჩატარებას უკავშირდება. ყველას გვმართებს, წესების დაცვა. ვერ გეტყვით, სახალხო დამცველის განცხადება განპირობებული რით არის, მაგრამ არჩევნების გადადებაზე განცხადება სრულად ემთხვევა იმ ინტერესს, რაც ოპოზიციურ პარტიებს აქვთ, რომლებიც თავის მხრივ, განწირულები არიან არჩევნებზე მარცხისთვის. მათთვის ეს არის ერთგვარად სამაშველო რგოლი გადაგდებული ნებსით თუ უნებლიეთ. ფაქტია, რომ ეს ასე გამოვიდა. ამიტომაც, ამას ოპოზიციის დიდი ნაწილი ორკესტრირებულად აჰყვა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.