მიხეილ სარჯველაძე - არჩევნები სამართლიანად, მშვიდ გარემოში ჩატარდა, მიღებული შედეგი კი არის ბათუმელების არჩევანი
ყოველ ჯერზე, როდესაც ოპოზიცია მარცხდება, ამას მიაწერენ ხოლმე არა მხარდაჭერის დეფიციტს, არამედ რაღაც პროცედურულ დარღვევებს, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რატომ საუბრობს ოპოზიცია დარღვევებზე და ამ დრომდე, რატომ ვერ ხერხდება საარჩევნო უბნებზე პრობლემების აღმოფხვრა.
„ვფიქრობ, წლიდან-წლამდე მცირდება წრე საკითხებისა, რომელთან დაკავშირებითაც პრეტენზიები ისმის, თუმცა არჩევნების გამართვის დღემდე იყო ასე ვთქვათ, წინასწარ ჩამორიგებული კარტებივით ნათქვამი მოსალოდნელი ხარვეზების, თუ ნაკლოვანებების შესახებ და შესაბამისად, ამას მოჰყვა უკვე „ფოლოვაპიც“, ასეთი ჟარგონი რომ გამოვიყენოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, ითქვას, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ოპოზიცია მარცხდება, ამას რაღაცნაირად მიაწერენ ხოლმე არა მხარდაჭერის დეფიციტს, არამედ რაღაც პროცედურულ დარღვევებს, განსაკუთრებით ისეთ დარღვევებს, რომელსაც არ შეიძლება, მივაწეროთ რაიმე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა ამომრჩევლის ნებაზე“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მიხეილ სარჯველაძემ ასევე აღნიშნა, რომ ის დღეს ბათუმში იმყოფებოდა და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მიღებული შედეგი არის ქართველი ხალხის, უშუალოდ ბათუმელების არჩევანი.
„ვიყავი ბათუმში, ვაკვირდებოდი პროცესს და შემიძლია, ერთმნიშვნელოვნად და სრული პასუხისმგებლობით ვთქვა – რაც არ უნდა იყოს ნაკლოვანება, თუნდაც ყველა საჩივარს რომ დავეთანხმოთ, ამ პირობითაც კი შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ეს არჩევანი არის ქართველი ხალხის, უშუალოდ ბათუმის ამომრჩევლების არჩევანი. შესაბამისად, ამ ნებას წინ ვერაფერი დაუდგება და ეს არის ყველაზე მთავარი. მთავარია, პროცესმა უზრუნველყო ხალხის აქტიური ნების რეალურად გარკვევა-დაფიქსირება და რა თქმა უნდა, ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რომლითაც ნებისმიერი არჩევნების სამართლიანად ჩატარება ფასდება. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სპეკულაცია ნებისმიერ სხვა ხარვეზებთან დაკავშირებით შეიძლება, ჩავთვალოთ, რომ არის მეორეხარისხოვანი“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ამასთან, სარჯველაძემ აღნიშნა, რომ რა თქმა უნდა, ნებისმიერი საჩივარი და პრეტენზია ხელისუფლებას ავალდებულებს, უფრო მეტი იმუშაოს, რათა თუნდაც მომდევნო არჩევნებზე მსგავსი პრობლემები გადაიჭრას.
მაკა ცინცაძის კითხვაზე, რას უპასუხებს ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომელიც მან გადაცემაში გააკეთა და დააანონსა, რომ გაზაფხულზე ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება და კოალიციური მთავრობით ჩანაცვლდება, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ამ განცხადებას სერიოზულობა აკლია.
„მათ არჩევნები წააგეს, „ქართულმა ოცნებამ“ მართლა ძალიან სერიოზული უპირატესობით გაიმარჯვა და რას აანონსებენ?! მაშინ, ერთადერთ ანონსად შეგვიძლია, ეს განვიხილოთ, რომ რაღაც ძალმომრეობითი მეთოდები აქვთ ჩანაფიქრში, თორემ არჩევნებით გზით ეს ხალხი ვერ იმარჯვებს. არ ვიცი, რას აანონსებენ და რომელ მხარდაჭერაზე საუბრობენ საზოგადოების მხრიდან, როდესაც სამართლიანად, აბსოლუტურად ნორმალურ პირობებში, მშვიდ გარემოში ჩატარებული არჩევნების რეზულტატი არის ისეთი, როგორიც არის. რაც შეეხება კოალიციურობას, არ შეიძლება, ეს ვინმემ თვითმიზნად გამოაცხადოს. არ შეიძლება საკითხების ასე დანახვა. ქართველი ხალხის არჩევანი როგორიც იქნება, რა თქმა უნდა, იმის შესაბამისი იქნება კომპლექტაცია მთავრობისაც, პარლამენტისაც, საკრებულოსიც და სხვა ყველაფრისაც. აი, ეს არის ნორმალური“, – განაცხადა სარჯველაძემ.
კითხვაზე, იქონია თუ არა არჩევნების შედეგებზე რამე ტიპის გავლენა იმ ფაქტორმა, რომ რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი და „ქართული ოცნების“ კონკურენტი არ იყო წარმოდგენილი, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, ან თუნდაც, მათგან მხარდაჭერილი ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურა წარმოდგენილი რომც ყოფილიყო, მას დიდი პერსპექტივა არ ექნებოდა.
„არ მინდა თქმა, მაგრამ ალბათ, მომიწევს. ალბათ, რეალური მიზეზი, რის გამოც კანდიდატურის მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღეს, უფრო მეტად, ამ ვარაუდების და პერსპექტივების გათვლებზე იქნებოდა დაფუძნებული“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.