მიხეილ სარჯველაძე - არჩევნები კარგად ჩატარდა, თუ სადმე რაიმე გადათვლის საკმარისი საჭიროება და წინაპირობა არსებობს, ეს განხორციელდება
მიხეილ სარჯველაძე - არჩევნები კარგად ჩატარდა, თუ სადმე რაიმე გადათვლის საკმარისი საჭიროება და წინაპირობა არსებობს, ეს განხორციელდება

ჩვენი ოპონენტების რიტორიკაში კვლავ იმძლავრა სიტყვებმა, როგორიც არის აღქმები, პათოსი და ასე შემდეგ. გარკვეული არაზუსტი კატეგორიებით ხელმძღვანელობენ, საიმისოდ რომ რამენაირად გვერდი აუარონ იმას, რაც არის ფაქტი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ოპოზიციონერი დეპუტატის, თამარ კორძაიას საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ფაქტია, რომ 2021 წელს არჩევნები საქართველოში მაღალ დონეზე ჩატარდა.

„არჩევნები იყო კარგად ჩატარებული და ყველას ჰქონდა სამართლიანად არჩევანის დაფიქსირების შესაძლებლობა, ეს აისახა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ. თუ სადმე რაიმე გადათვლის საკმარისი საჭიროება და წინაპირობა არსებობს, ეს განხორციელდება. თუ საამისოდ მიზეზი არ არსებობს, ასეთ დროს ვერც აღქმებს და ვერც პათოსს ბუნებრივია ვერ მიეცემა გასაქანი, რადგან ეს არის ფაქტის დონეზე შესაფასებელი საკითხი. ამ თვალსაზრისით ვფიქრობ ამ არჩევნებს არაფერი სასაყვედურო უბრალოდ არ აქვს. მეც ვისარგებლებ შესაძლებლობით და საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს ვინც წვლილი შეიტანა, რომ კეთილსინდისიერად ჩატარებულიყო არჩევნები, ყველას მადლობას გადავუხდი“, – განაცხადა სარჯველაძემ.