მიხეილ სარჯველაძე - არცერთი კომერციული ინტერესი არ უნდა დადგეს პაციენტის ინტერესებსა და უფლებებზე მაღლა
კერძო სექტორის მხრიდან თუ არ იქნება ადეკვატური გამოხმაურება, სახელმწიფო იძულებული გახდება, რეგულაციის განსხვავებული მეთოდები აირჩიოს, რათა არცერთი კომერციული ინტერესი არ დადგეს პაციენტის ინტერესებსა და უფლებებზე მაღლა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ სამინისტროში, პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ონკოლოგიური პაციენტებისთვის კლინიკაში მედიკამენტით მკურნალობის განახლებულ პროცედურებზე ისაუბრა.
მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, პაციენტები გადასხმისთვის საჭირო მედიკამენტების მიღებას პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში შეძლებენ. ცვლილება 24 ივლისიდან შევა ძალაში და მისი ამოქმედების შემდეგ გამოწერილ რეცეპტებს შეეხება.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც საჯაროდ ცნობილი გახდა, რომ სამინისტრო ამ საკითხზე მუშაობდა, ბევრი არასწორი ინტერპრეტაცია გაჟღერდა. მიხეილ სარჯველაძის თქმით, იყო მცდელობაც, გაუფასურებულიყო ცვლილების მნიშვნელობა, მაშინ როდესაც სიახლე არის ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური და მას მედიკამენტების დეფიციტთან კავშირი არ აქვს.
მინისტრის განცხადებით, თუნდაც ერთი მედიკამენტის დეფიციტის საკითხი სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული ყურადღებისა და ინტერესის საგანია. შესაბამისად, მუდმივად აკვირდება მიმდინარე პროცესებს და არსებულ მარაგებს, რომ დეფიციტი უარყოფითად არ აისახოს რომელიმე პაციენტის მკურნალობაზე.
„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში შეიქმნა გარკვეული დეფიციტი რამდენიმე დასახელების მედიკამენტთან დაკავშირებით, ეს მწვავე საკითხია. ჩვენ საკმაოდ მძიმე შეხვედრები გვქონდა აფთიაქებთან, იმპორტიორებთან, რომელთაც მოვუწოდეთ, რაც შეიძლება სწრაფად აღმოფხვრან შექმნილი დეფიციტები. სახელმწიფო არ აპირებს, ამ მიმართულებით გულხელდაკრეფილი იყოს – იმ შემთხვევაში თუ კერძო სექტორის მხრიდან არ იქნება რელევანტური, ადეკვატური გამოხმაურება, სახელმწიფო იძულებული იქნება, გარკვეული ინტერვენციებით შევიდეს და რეგულაციის განსხვავებული მეთოდები აირჩიოს, რომ პირველ ადგილზე წამოწეული იყოს პაციენტების საკუთხესო ინტერესები. ბუნებრივია, არსებობს კომერციული ინტერესი, რომელიც მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევია, მაგრამ არცერთი ეს ინტერესი არ უნდა დადგეს პაციენტის ინტერესებსა და უფლებებზე მაღლა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ყველაზე მწვავედ ქვეყანაში ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დეფიციტი აღიქმება, თუმცა, შესაძლოა, სხვა მიმართულებითაც არსებობდეს დეფიციტი. მისი თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში არსებობს ამის ობიექტური წინაპირობა, მაგრამ არცთუ იშვიათია, როდესაც განმაპირობებელი სუბიექტური ფაქტორებია.
„არ მინდა, სიმართლე აღმოჩნდეს მოარული აზრი დეფიციტების ხელოვნურად შექმნასთან დაკავშირებით. სუბიექტურ ფაქტორში, შესაძლოა, იგულისხმებოდეს ადამიანთა ცდუნება, რომ ზოგიერთ შემთხვევაში კომერციული ინტერესი პაციენტის ინტერესებზე მაღლა დადგეს. სამწუხაროდ, დღეს არ შემიძლია გამოვრიცხო, რომ ვინმე კომერციულ ინტერესს უფრო მაღლა აყენებდეს, ვიდრე პაციენტისას. ძალიან გულდაწყვეტილი დავრჩები, თუ ეს რეალობა აღმოჩნდება. ჩემი ამოცანაა, საკითხები ვარეგულიროთ ისე, რომ მსგავსი რისკებისთვის, უბრალოდ, არ რჩებოდეს სივრცე და არავის ჰქონდეს შესაძლებლობაც კი, კომერციული ინტერესი უფრო მაღლა დააყენოს. უახლოეს მომავალში სისტემა ამუშავდება ისე, რომ არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ ცალკეული კომერციული მოთამაშეების კეთილსინდისიერებასა და მათ დეონტოლოგიის წესებზე“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.