მიხეილ სარჯველაძე - არავითარი პოლიტიკური კრიზისი მოსალოდნელი არ არის, რაზეც მიუთითებს პარტიის დღევანდელი განცხადება
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, გიორგი გახარიას მიერ თანამდებობის დატოვება ყველასთვის მოულოდნელი იყო.
მისივე თქმით, გახარიამ გადადგომის კონკრეტული მიზეზებიც დაასახელა და თავად მეტს ვერაფერს დაამატებს.
„ალბათ ეს უკავშირდება გარკვეულ შეუთანხმებლობას კონკრეტულ ოპერატიულად გადასაწყვეტ საკითხზე. საკითხი იყო ისეთი წონის და მნიშვნელობის, რომელთან დაკავშირებითაც შეუთანხმებლობა შეიძლება, ამ შემთხვევაში უშუალოდ მისთვის, ასე ვთქვათ, პრობლემას აჩენდა. ყოველ შემთხვევაში, ასე ახსნა, მე ასე გავიგე. ნამდვილად არ მინდა საუბარი იმაზე, რამდენად სწორი ან არასწორია ეს ნაბიჯი. სწრაფადვე, მყისიერად გააკეთა პარტიამ რეაგირება და შესაბამისად, გამორიცხა შემდგომი ესკალაციის რისკები“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სარჯველაძის განმარტებით, არავითარი პოლიტიკური კრიზისი მოსალოდნელი არ არის.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, კრიზისს გამორიცხავს პარტიაში გაკეთებული დღევანდელი განცხადება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.
„სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ძალიან მწირი დრო იყო იმისთვის, რომ პრემიერისთვის აზრი შეგვეცვლევინებინა. რაც შეეხება მის არგუმენტებს, სამწუხაროდ, ვერ მოვისმინე ისეთი არგუმენტი, რომელიც მიღებული გადაწყვეტილების სისწორეზე რამე ფორმით გავლენას იქონიებდა. რაც შეეხება იმას, რას შეიძლება უკავშირდებოდეს პრემიერის განცხადება, შესაძლოა, ხედავდა ესკალაციის გარკვეულ რისკებს კონკრეტული ფორმით აღსრულებასთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, ამას გულისხმობდა, სადაც არჩევანი არსებობს. თუ ის გულისხმობდა, რომ სამართლებრივად სწორი ნაბიჯი არ გადაიდგას მხოლოდ იმიტომ, რომ ეს პოლიტიკურად მიზანშეწონილია, წარმოუდგენელი რამაა და ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება გაზიარებული“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს თანამდებობიდან გადადგა. მისი თქმით, „ნიკა მელია არის ადამიანი, რომელიც დიდად არასდროს სცემდა პატივს ქართულ კანონმდებლობას, რომელიც 20 ივნისს მოუწოდებდა მოქალაქეებს პარლამენტის შტურმისკენ და პარლამენტში შეჭრის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო“.
თუმცა, გახარიას განმარტებით, მიუხედავად ყველაფრისა, „ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ, თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ან საერთოდ, ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი“. გახარიას შეფასებით, აღსრულების ღონისძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც გადაზღვეული იქნება ყველა სახის რისკი. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გუნდში ერთიან აზრს ვერ მიაღწია.
ამასთან, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ხვალ დაასახელებს.