მიხეილ სარჯველაძე - არავითარი ე.წ. საზღვარი არ არსებობს, რუსეთი ამას ქართველს ვერასდროს შეაგუებს
არავითარი ე.წ. საზღვარი არ არსებობს და ამ ტერმინს ნუ იყენებთ, რადგან ეს არის საოკუპაციო ხაზი. ალბათ, რუსეთის მცდელობაა, რაღაც ფორმით ვინმე ამას შეაგუოს, რადგან ქართველს ვერასოდეს შეაგუებს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, უკანონო პატიმრობები ისეთივე შეუგუებელია, როგორც ქვეყანაში საოკუპაციო ხაზის არსებობა.
„რუსეთი თავს ვერ არიდებს დისკუსიაში, დიალოგში მონაწილეობას. სამწუხაროდ, მათ მზადყოფნა არ აქვთ, რომ პრობლემა გადაიჭრას, ამას ადასტურებს უკანონო პატიმრობები. ეს პატიმრობა ისეთივე შეუგუებელია, როგორც ჩვენს ქვეყანაში საოკუპაციო ხაზის არსებობა. ეს არის მთლიანი ოკუპაციის გამოხატულება. ეროვნული ინტერესია, რომ მათ არც ერთ შემთხვევაში, არც დე-იურე, არც დე ფაქტო, არც ერთ ნაბიჯზე არ შეიძლება, გავყვეთ. ამ ფორმატებს მნიშვნელობა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ ცალკეული ჰუმანიტარული პრობლემები იყოს გადაჭრილი, მაგრამ ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრა არ ნიშნავს, რომ რამენაირად ქვეყნის ოკუპაციის გამყარება მოხდეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის მოლაპარაკებების 54-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელა. „გამოვდივართ შეთავაზებით, დაიწყოს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საზღვრების დელიმიტაციის პროცესი, მათი შემდგომი დემარკაციით“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.