მიხეილ სარჯველაძე - არაერთი საკანონმდებლო ცვლილებაა მომზადებული, აქამდე ქალბატონს მსხვერპლის სტატუსი ფორმალურად თუ არ ჰქონდა, სერვისს ვერ იღებდა, გვექნება ახალი კანონი და ეს წინაღობა მოიხსნება
წარმატების იმედი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, გვქონდეს, თუ ყველა ფრონტიდან მოხდება შეტევა იმ მანკიერი მოვლენის წინააღმდეგ, რაც არის ქალთა მიმართ ძალადობა, სხვაგვარად წარმოუდგენელია, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„მინდა, ვთქვა, რომ არაერთი საკანონმდებლო ცვლილებაა მომზადებული და მათ შორის, მსხვერპლის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით. ამ დრომდე, მსხვერპლის სტატუსი ფორმალურად თუ არ ჰქონდა მინიჭებული ქალბატონს, ის სერვისს ვერ იღებდა და ხელმისაწვდომობა შეზღუდული ჰქონდა. ეს წინაღობა მოიხსნება. პარლამენტში ახლა განიხილება და მოსმენები ალბათ, დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში დასრულდება. შესაბამისად, გვექნება ახალი კანონი“, -განაცხადა სარჯველაძემ.
ამ განცხადებით მიხეილ სარჯველაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემის მოსაგვარებლად და რამდენად არის ამ საკითხის პრევენცია შესაძლებელი საკანონმდებლო ინიციატივებით.
მისი თქმით, გენდერულ თანასწორობაზე სამუშაო
ევრორეკომენდაციების 12 პუნქტშიც არის და იქ ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სწორედ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის
გააქტიურება-გაძლიერებაა.
„ამიტომ, იქაც გვაქვს უკვე შემუშავებული კანონპროექტები. მათ შორის, ერთ-ერთი მიმართულება იქნება და კონკრეტულ საკითხებზე დაგეგმილი გვაქვს თემატური მოკვლევის ჩატარება. გვაქვს სხვა ინიციატივებზე ფიქრიც“, – განაცხადა სარჯველაძემ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე სახელმწიფოს ყველა რგოლი მკაცრ მიდგომებს იყენებს.
„სასამართლო, პოლიცია და სამართალდამცავი სტრუქტურების მთელი ჯაჭვი მკაცრ მიდგომებს იყენებს“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მისივე თქმით, ხშირად არის ისეთი შემთხვევები, როდესაც თვითონ მსხვერპლი ცდილობს, მოძალადის მიმართ მართლმსაჯულება შეაჩეროს.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, არის თუ არა ეს განპირობებული შიშის ფაქტორით, რადგან მსხვერპლზე ძალადობა მიდის, მაშინაც კი, როცა ის მოძალადეს განრიდებულია, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო მუშაობა სახელმწიფოს მხრიდან, რათა ადამიანები უფლებების შესახებ სწორად იყვნენ ინფორმირებული და მათ პოსტფაქტუმ არ უწევდეთ რაღაც საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად ინფორმაციის თავმოყრა.