მიხეილ სარჯველაძე - არ შეიძლება, პრეზიდენტს აშანტაჟებდე და სააკაშვილის საპირწონედ, ქართულ-უკრაინული ურთიერთობები დადო სასწორზე, არახამიას განცხადებები ერთი კომპოზიციის ნაწილია
არ შეიძლება, პრეზიდენტს აშანტაჟებდე და, სააკაშვილის საპირწონედ, ქართულ-უკრაინული ურთიერთობები დადო სასწორზე, არახამიას განცხადებები ერთი კომპოზიციის ნაწილია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძე გამოეხმაურა ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „საქართველოს პრეზიდენტს აქვს სურვილი, იყოს აღიარებული მოთამაშე დასავლეთში. მან შეიწყალა ნიკა გვარამია, ახლა საჭიროა სააკაშვილის შეწყალება“.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, სამწუხაროა, რომ ხელსაყრელი გადაწყვეტილების მისაღებად ქართულ-უკრაინულ ურთიერთობას სწირავენ.
„ეს ყველაფერი ერთგვარ პოლიტიკურ შანტაჟს ნიშნავს. არ შეიძლება, პრეზიდენტის განცხადებას – „არა და არასდროს“ – ასე უდიერად მოეპყრო და, ასეთი პოზიციის მიუხედავად, აშანტაჟებდე და, სააკაშვილის საპირწონედ, ქართულ-უკრაინული ურთიერთობები დადო სასწორზე. ვინც ამ ურთიერთობებს საპირწონედ დებს, ის ქართულ-უკრაინული ურთიერთობების მტერი და ამ ურთიერთობების დაზიანების ინიციატორია. ვინმემ ამიხსნას, რით შეიძლება, სტატუსის მიღებას ხელს უშლიდეს პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების უფლების არგამოყენება? ეს ყველაფერი მიმართულია საქართველოს იმიჯის შელახვაზე. არახამიას განცხადებები ერთი კომპოზიციის ნაწილია. ისინი ხელსაყრელი გადაწყვეტილების მისაღებად ქართულ-უკრაინულ ურთიერთობას სწირავენ. სამწუხაროდ, ესაა მთავარი მანკიერება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.