მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, შეთქმულების თეორიების ძიება რამეში წაგვადგეს, რადგან ღიად ითქვა, ვის რა პოზიციები აქვს და ვინ რა თემაზე საუბრობს
არ მგონია, რომ რაიმე შეთქმულების თეორიების ძიება რამეში წაგვადგება, რადგან ყველაფერი ღიად, გამჭვირვალედ ითქვა იმასთან დაკავშირებით, ვის რა პოზიციები აქვს და ვინ რა თემაზე საუბრობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
„ვერ მივცემ თავს უფლებას, კრიტიკული მოსაზრებები შემოგთავაზოთ ამ საკითხების ირგვლივ, თუმცა საკითხის დასმა იმასთან დაკავშირებით, ვის წარმოადგენენ, ამ ოთხი ადამიანის მხრიდან მკაფიოდ იქნა ახსნილი,
რატომ გადაწყვიტეს მათ ცალკე მოღვაწეობა, რათა მათ საჯაროდ ესაუბრათ პრობლემების შესახებ, რომლებსაც ისინი ხედავენ, რომლებსაც შეიძლება, ხედავდეს საზოგადოების ცალკეული წევრები და წარმომადგენლები.
შესაბამისად, მათი სურვილი განაპირობებდა დამოუკიდებლად მოქმედების სურვილს. შესაბამისად, აქ რატომ გაჩნდა კითხვა, არ მესმის. თუ ივარაუდება, რომ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არიან თუ არა – სწორედ ეს იყო მიზეზი მათი დამოუკიდებლად მოქმედებისა, რომ საკითხებზე, რომელთა დაკავშირებითაც მიჩნეული იყო, რომ გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობდა, ესაუბრათ საჯაროდ, ჩვენგან განსხვავებით, რომლებიც არ ვთვლით რომ ამ თემებზე საჯაროდ უნდა ვისაუბროთ.
არ მგონია, რომ რაიმე შეთქმულების თეორიების ძიება რამეში წაგვადგება, რადგან ყველაფერი ღიად, გამჭვირვალედ ითქვა იმასთან დაკავშირებით, ვის რა პოზიციები აქვს და ვინ რა თემაზე საუბრობს“, – განაცხადა სარჯველაძემ.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა დღეს განაცხადა, რომ „მოძრაობა „ხალხის ძალის“ ბრალდებები, რომლებიც ბოლო დროს გაკეთდა აშშ-ისა და სხვების მიმართ, არის უგუნური, კონსპირაციის თეორიები, რომელსაც საფუძველი არ აქვს“.