მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, ქოლცენტრების საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნა ჭეშმარიტების გარკვევის ხელის შემწყობი აღმოჩნდეს, დიდი რისკია, გამოძიებისთვის ხელშესაშლელად იყოს გამოყენებული
არ მგონია, ქოლცენტრების საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნა ჭეშმარიტების გარკვევის ხელის შემწყობი აღმოჩნდეს, მაგრამ დიდი რისკია, რომ საგამოძიებო კომისია გამოძიებისთვის ხელის შესაშლელად იყოს გამოყენებული, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საგამოძიებო კომისიას ისეთ ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი, რომელიც არ არის მიზანშეწონილი, პოლიტიკოსთა წრეში ცირკულირებდეს, რადგან შეიძლება, რომელიმე პოლიტიკოსის მონაწილეობა იკვეთებოდეს.
„ე.წ ქოლცენტრების საქმის ვერც ბრალმდებლად და ვერ გამომძიებლად ვერ გამოვდგები. საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩატარდეს და ნებისმიერი საგამოძიებო ვერსია უნდა იყოს შესწავლილი, რაც შეიძლება, განსახილველად ღირდეს. უნდა შემოწმდეს ვერსიები, რაზეც კითხვები იბადება. ყველაფერს ნათელი გამოძიებამ უნდა მოჰფინოს და გამოძიებას აქვს თავისი ტაქტიკა და სტრატეგია. საგამოძიებო საიდუმლოების კატეგორია არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოძიებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გარკვეული ინფორმაცია გამოამზეუროს, გარკვეული ინფორმაცია კი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მხოლოდ მის განკარგულებაში რჩებოდეს. არ მგონია, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა ჭეშმარიტების გარკვევის ხელშემწყობი აღმოჩნდეს, მაგრამ დიდი რისკია, გამოძიებისთვის ხელშესაშლელად იყოს გამოყენებული. შეიძლება, არსებობდეს ადამიანი ქართულ პოლიტიკაში, რომელსაც შეიძლება, გამოძიების მიმდინარეობაზე მერკანტილური ინტერესი ჰქონდეს. მიიღოს ინფორმაცია, როგორ და საით ვითარდება გამოძიების ვერსია. ნებისმიერი პოტენციურად ეჭვმიტანილისთვის, დამნაშავისთვის ან კავშირების მქონე ადამიანისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ინფორმაციას, რას ფლობს და რას – არა გამოძიება. ამ თვალსაზრისით, შეიძლება, მათთვის დროებითი საგამოძიებო კომისია ძალიან სასარგებლო ინსტრუმენტი აღმოჩნდეს. კომისია ასეთ რისკებს ქმნის. დროებით საგამოძიებო კომისიას ისეთ ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი, რომელიც გამოძიების ეფექტიანად წარმართვის ინტერესებიდან გამომდინარე არ არის მიზანშეწონილი, რომ პოლიტიკოსთა წრეში ცირკულირებდეს და თუ ინფორმაცია პოლიტიკოსთა შორის გავრცელდება, ეს შეიძლება პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტის შემცველი იყოს, რადგან შეიძლება, რომელიმე პოლიტიკოსის მონაწილეობა იკვეთებოდეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.