მიხეილ სარჯველაძე - არ არსებობს აღსრულების ქვემდებარე აქტი, რის საფუძველზეც ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე თანამდებობებზე უნდა აღადგინონ
იყო მცდელობები, რომ მხარეთა შორის დავა მორიგებით დასრულებულიყო, თუმცა თამაზ ახობაძემ წამოაყენა დამატებითი მოთხოვნა, განაცდურ ხელფასთან ერთად, მიეღო დამატებითი კომპენსაცია, რასაც სასამართლოს გადაწყვეტილება არ ითვალისწინებდა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ იუსტიციის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების, ანა სუბელიანისა და თამაზ ახობაძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ორივე მოთხოვნის ერთდროულად წამოყენება სამართლებრივად მცდარი იყო. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ახობაძე აღადგინეს იმ თანამდებობაზე, რომელიც უკვე სხვა პიროვნებას ჰქონდა დაკავებული, რომელმაც საკუთარი უფლებების სასამართლოს გზით დაცვა გადაწყვიტა.
ამ საქმეზე საქმის წარმოება მიმდინარეობს, ამიტომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ვერ მოხდება.
„რაც შეეხება ანა სუბელიანის შემთხვევას, თანამდებობა რომელიც მას ეკავა, რეორგანიზაციის შედეგად არ არსებობდა. მან მოითხოვა სხვა თანამდებობაზე აღდგენა, რომელი თანამდებობაც არ არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანის დროისთვის, ეს არ არის ის თანამდებობა, რომელიც ქალბატონ სუბელიანს ჰქონდა დაკავებული. ასეთ დროს, ბუნებრივია, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება არის შეუძლებელი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ანა სუბელიანისა და თამაზ ახობაძის რეაქცია პარლამენტში დღეს საფუძველს მოკლებული და გადაჭარბებული იყო.
„ამ ეტაპზე, ორივე ამ ადამიანის შემთხვევაში მიმდინარეობს სამართალწარმოება და არც ერთი მათგანის შემთხვევაში, აღსრულების ქვემდებარე აქტი არ არსებობს, ანუ ის, რის საფუძველზეც უნდა მოხდეს აღდგენა, ეს არ არსებობს. ორივე შემთხვევაში, ხაზგასმით ვამბობ, სასამართლო იხილავს ამ საკითხებს, აქედან გამომდინარე,მათი რეაქცია იყო აბსოლუტურად მცდარი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
თეა წულუკიანმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში განაცხადა, რომ სააღსრულებო ფურცლის შემოსვლისთანავე, ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე მიწვეული იყვნენ სააღსრულებო ბიუროში, სადაც მათ დაიწყეს ვაჭრობა ფულზე.
იუსტიციის მინისტრის ამ განცხადებას პროტესტი მოყვა ახობაძისა და სუბელიანის მხრიდან. მათ იუსტიციის მინისტრი ტყუილში დაადანაშაულეს. პარლამენტის მანდატურები იძულებული გახდნენ, სუბელიანი და ახობაძე დარბაზიდან გაეყვანათ.
რაც შეეხება სუბელიანისა და ახობაძის საქმეს, 31 იანვარს საია-მ იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.
საია-ს ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, 2014 წელს ცენტრიდან ორი თანამშრომლის, თამაზ ახობაძისა და ანა სუბელიანის გათავისუფლება უკანონოდ მოხდა და დაკმაყოფილდა მოთხოვნა აღნიშნული პირების თანამდებობებზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ, რომელიც ორივე მათგანის შემთხვევაში, ჯამში დაახლოებით 150 ათას ლარს შეადგენს.