მიხეილ სარჯველაძე - „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებების დამტკიცება დეკემბრის ბოლომდე ვერ მოხდება, თუმცა სურვილია, რომ კანონპროექტი რაც შეიძლება მალე იყოს მიღებული
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე იმედს გამოთქვამს, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის მიღება და ამნისტიის გამოცხადება ზამთარშივე მოხდება.
როგორც საქართველოს პირველ არხს სარჯველაძემ განუცხადა, საპარლამენტო გრაფიკიდან გამომდინარე ცვლილებების დამტკიცება დეკემბრის ბოლომდე ვერ მოხდება, თუმცა სურვილია, რომ კანონპროექტი რაც შეიძლება მალე იყოს მიღებული.
„ყველაფერი კარგად უნდა აიწონ-დაიწინოს, რომ გადაწყვეტილება დაბალანსებული იყოს. ცვლილებებით სავსებით შესაძლებელია, რომ ბევრმა ადამიანმა ის შეღავათი მიიღოს, რომელსაც კანონმდებელი დაუშვებს და ეს იქნება მათთვის დამატებითი შანსი იმისთვის, რომ საზოგადოებაში ადგილი დაიბრუნონ და მათი რეაბილიტაცია-რესოლიზაცია მოხდეს. ეს ის საბოლოო მიზანია, რისკენაც საბოლოო ჯამში სისხლის სამართლის პოლიტიკა უნდა იყოს მიმართული. ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით, ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ხელშემწყობი იქნება ასეთი შანსის მიცემა, რომელსაც აბსოლუტური უმრავლესობა სწორად და გაგებით გამოიყენებს“, – აღნიშნავს სარჯველაძე.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს პირველი მოსმენით განიხილავს. პროექტი ამნისტიის გამოცხადებას ითვალისწინებს სისხლის სამართლის დანაშაულის დაახლოებით 44 მუხლზე. ამნისტია არ შეეხებათ-ოჯახში ძალადობისთვის, ნარკორეალიზაციისთვის და მკვლელობისთვის დაკავებულ პირებს.