მიხეილ სარჯველაძე - ამ ეტაპზე რა საჭიროებაც არსებობს, რესურსის, ტექნიკის თუ ნებისმიერი თვალსაზრისით, ყველაფერია, რაც საჭიროა სამძებრო სამუშაოებისთვის
მიხეილ სარჯველაძე - ამ ეტაპზე რა საჭიროებაც არსებობს, რესურსის, ტექნიკის თუ ნებისმიერი თვალსაზრისით, ყველაფერია, რაც საჭიროა სამძებრო სამუშაოებისთვის

მე არ შემიძლია შემოთავაზების შესახებ ინფორმაცია უარვყო ან დავადასტურო, ეს არის ჩემი საქმე, შეგიძლიათ გადაამოწმოთ ყველგან, მაგრამ ამ წუთას დანამდვილებით რაც შეგვიძლია ვთქვათ, ეს არის, რომ რა საჭიროებაც არსებობს, გინდა რესურსის, გინდა ტექნიკის, ნებისმიერი თვალსაზრისით, ყველა რესურსი არსებობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძეს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს რამდენიმე ქვეყანამ საქართველოს დახმარება შესთავაზა, რაზეც ხელისუფლებამ უარი განაცხადა.

მისი თქმით, ყველა რესურსი, რაც საჭიროა სამძებრო სამუშაოებისთვის, გამოყენებულია.

„აქ არ არის ის მდგომარეობა, რომ, მაგალითად, რაღაც ტიპის აპარატურა აკლდეს ამ სამუშაოებს, ან რომელიმე ტიპის ტექნიკა, ან ფიზიკური ძალა. ახლა რომ, მაგალითად რაღაც უბნებზე გაჩნდა შესაძლებლობა, რომ იქ იმუშაოს ტექნიკამ ან ადამიანმა, ეს პირველივე წუთებში შესაძლებელი არ ყოფილა. არაფერი არ იკვეთება ისეთი, რაზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეიძლება უფრო ადრე გაკეთებულიყო, ვიდრე რეალურად კეთდება“, – განაცხადა სარჯველაძემ.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, სტიქიის ზონაში კი 17 ადამიანს ეძებენ.

საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.