მიხეილ სარჯველაძე - ახლა ნომერ პირველი საკითხი არის საძიებო სამუშაოები, არ არსებობს შესაძლებლობა, რომელიც არ არის გამოყენებული, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა
ეს არის მთელი ერის ტრაგედია, მასშტაბიც არის გამაოგნებელი, შემაძრწუნებელი და ძალიან ძნელია წარმოდგენაც კი, რა მასშტაბის კატასტროფასთან გვაქვს საქმე, მთელი მოედანი, სადაც ჩამოვიდა მასა, არის უბრალოდ არანორმალური მასშტაბების, ვფიქრობ, ამ მასშტაბის კატასტროფა ალბათ იშვიათად სადმე ნანახი გვქონდეს ან გაგონილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, ახლა მთავარი საკითხია სამძებრო სამუშაოები.
„ნომერ პირველი საკითხი ამ წუთას არის საძიებო სამუშაოები. რაც დავაკვირდით პროცესებს, არ არსებობს შესაძლებლობა, რომელიც არ არის გამოყენებული. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. ყველგან, სადაც ფაქტობრივი, ბუნებრივი, ფიზიკური მდგომარეობა იძლევა შესაძლებლობას, რომ მუშაობა მიმდინარეობდეს, სრული რესურსი, ალბათ საკმარისზე მეტი რესურსი არის მობილიზებული საიმისოდ, რომ მიმდინარეობდეს ეს სამუშაოები. გზადაგზა ჩნდება ახალი შესაძლებლობები, ახალი რესურსი არის მობილიზებული. მოკლედ, ამ კუთხით მუშაობა სრულფასოვნად მიმდინარეობს. შესაბამისად, ეს არის ალბათ მთავარი ამოცანა, რისთვისაც ამ წუთას გახლდით ადგილზე და დავათვალიერეთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, სტიქიის ზონაში კი 17 ადამიანს ეძებენ.
საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.