მიხეილ სარჯველაძე - როგორც ჩანს, საზღვარგარეთ გულშემატკივარი პოლიტიკოსებისთვის სააკაშვილის გასათავისუფლებლად ბრძოლა კვლავ აქტუალურ საკითხად რჩება
ახალი ტალღაა, რომლის მიზანია, უცხოეთიდან გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა რაღაც ფორმით მხარდაჭერა გამოუცხადონ ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებს. ობიექტურად სხვა ახსნა არ შეიძლება ჰქონდეს ამ ვითარებაში უკრაინის მხრიდან ქვეყნებს შორის ურთიერთობების ესოდენ დიდი დაძაბვის მცდელობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, ეს არ არის გამართლებული არც პოლიტიკური და არც სხვა თვალსაზრისით.
„ამას არ გვკარნახობს არც საქართველოს, არც უკრაინის და არც ევროპული ინტერესი. ვფიქრობ, რომ ეს არც მორალური თვალსაზრისით არ არის გამართლებული. იმ ფონზე, როცა საქართველო იყო ერთადერთი, რომლის ელჩს არცერთი დღე არ დაუტოვებია, როცა გაურკვეველი იყო კიევის ბედი, ასეთ ფონზე, ამ ელჩის წინააღმდეგ ასეთი ნაბიჯების გადადგმა გამართლებული არ არის. როგორც ჩანს, საზღვარგარეთ გულშემატკივარი პოლიტიკოსებისთვის სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლა კვლავ რჩება აქტუალურ საკითხად, მიუხედავად იმისა, რომ ნაკლები პიარული არგუმენტი რჩება ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. როგორც ჩანს, ასეთი ხმამაღალი ტალღების აგორების მცდელობა კიდევ იქნება, რადგან მათთვის ეს არის სასურველი, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არგუმენტირებული მცდელობა“, – განუცხადა მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველ არხს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს განაცხადა, რომ სთხოვს საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ზელენსკის თქმით, რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს.
საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, სამწუხაროა, რომ ოფიციალური კიევი მეგობარი სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას მიმართავს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ გადაწყვეტილებას განსაკუთრებით გაუგებარს ხდის უკრაინის ხელისუფლების მიერ დასახელებული საფუძველი.