მიხეილ სარჯველაძე - „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები ისეთი მტკივნეული არ არის, რომ აპოკალიფსური სურათები დაიხატოს
მიხეილ სარჯველაძე - „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები ისეთი მტკივნეული არ არის, რომ აპოკალიფსური სურათები დაიხატოს

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები ისეთი მტკივნეული არ არის, რომ აპოკალიფსური სურათები დაიხატოს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტთან სავარაუდოდ კონსულტაციები გაიმართება და მმართველი გუნდი მას საკუთარ პოზიციას გააცნობს.

„ამ მომენტისთვის ჩემთვის ცნობილი არ არის, პრეზიდენტსა და ჩვენს გუნდს შორის რა ფორმით წარიმართება კონსულტაციები ამ კანონპროექტებთან დაკავშირებით, თუმცა მოსალოდნელია, რომ ასეთი კონსულტაციები იქნება. ჩვენი მხრიდან პრეზიდენტს ავუხსნით კანონპროექტის არსს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გავანეიტრალებთ იმ აჟიოტაჟს, რომელიც ხელოვნურად არის შექმნილი. რეალურად საამისო წინაპირობა არ არსებობს, რომ ასეთ დრამატულ ფერებში იყოს წარმოჩენილი ვითარება ამ კანონპროექტებთან დაკავშირებით.

ოპოზიციის შეფასებები, რომ რაღაც დიდ რისკებს ხედავენ კანონპროექტიდან გამომდინარე, არგუმენტირებული არ არის. ეს ისეთი მტკივნეული კანონპროექტი არ არის, რომლის შედეგადაც აპოკალიფსური სურათები უნდა დაიხატოს. არგუმენტაცია, რომელსაც ასახელებს ოპოზიცია, არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში სწორი იყოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.