მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის წლიური ანგარიშით გამოსვლის თარიღზე გადაწყვეტილებას ბიურო მიიღებს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წლიური ანგარიშით გამოსვლის თარიღზე გადაწყვეტილებას ბიურო მიიღებს.
როგორც ჟურნალისტებს სარჯველაძემ განუცხადა, ბიუროს კომპეტენციაა, რომ პრეზიდენტის გამოსვლის თარიღი განსაზღვროს.
„ეს საკითხი დადგება ბიუროს სხდომაზე და ბიურო მიიღებს გადაწყვეტილებას. იყო თუ არა თარიღი შეთანხმებული პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. თუ ეს შეთანხმებული იყო, ბიურო ამას მხედველობაში მიიღებს და გამორიცხული არ არის, 5 მარტს სხდომა ჩატარდეს და პრეზიდენტს მოვუსმენთ, თუმცა სავალდებულო ეს ნამდვილად არ არის. ამ საკითხზე ვიმსჯელებთ.
რაც შეეხება გამოსვლის შინაარსს, მაქვს მოლოდინი, რომ პრეზიდენტი შეაფასებს ცალკეულ საკითხებს, რომლებიც ყველაზე აქტუალური და რელევანტურია დროის თვალსაზრისით. როგორი ექნება ამ საკითხებზე პოზიცია და ხედვა, ამ პროგნოზირების გაკეთება არ შემიძლია. არ დაგეთანხმებით იმაში, რომ პრეზიდენტი ემიჯნება „ქართული ოცნების“ გუნდის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს. არასდროს ყოფილა პოზიციები საზიარო და ხშირად ყოფილა შემთხვევები, როცა შეიძლება, პრეზიდენტს განსხვავებული პოზიცია ჰქონოდა მმართველი პარტიისგან. პოზიციურად გამიჯვნას, დაპირისპირებასა და ოპოზიციაში გადასვლას პრეზიდენტის მხრიდან ადგილი არ აქვს“, – განაცხადა სარჯველაძემ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2 მარტს აცნობა საქართველოს პარლამენტს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, რომ საკანონმდებლო ორგანოში წლიური მოხსენებით 5 მარტს წარდგეს.