მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ონკოლოგიურ პაციენტებს აღარ მოუწევთ სააფთიაქო ქსელებიდან კლინიკაში მედიკამენტების თავად მიტანა, პროცედურაზე მისულ პაციენტებს წამალი დაწესებულებაში დახვდებათ
ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისა და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით, ჯანდაცვის სამინისტროში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძემ მათ სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების გაცემის წესის ახალი პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, წამლები პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში იქნება ხელმისაწვდომი.
მინისტრის განცხადებით, ბენეფიციარებს აღარ მოუწევთ სააფთიაქო ქსელებიდან კლინიკაში მედიკამენტების თავად მიტანა, პროცედურაზე მისულ ყველა პაციენტს წამალი დაწესებულებაში დახვდება.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ცვლილების მიზანია, ქვეყანაში ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს. პაციენტების განცხადებით კი, აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ ყოველდღიურობასა და თავად მკურნალობის პროცესს.
შეხვედრაზე ონკოლოგიის მკურნალობასთან დაკავშირებულ სხვა მიმართულებებზეც იმსჯელეს – მხარეებმა სერვისების მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, სამინისტროს სხვა დეპარტამენტებისა და პაციენტთა ორგანიზაციის წარმომადგენლები.