მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის პროგრამების მონაწილე კლინიკებისთვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადა, პირველ ეტაპზე, სავარაუდოდ 60 სამუშაო დღიდან 45 დღემდე შემცირდება
მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის პროგრამების მონაწილე კლინიკებისთვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადა, პირველ ეტაპზე, სავარაუდოდ 60 სამუშაო დღიდან 45 დღემდე შემცირდება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ჯანდაცვის პროგრამების მონაწილე კლინიკებისთვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადა, სავარაუდოდ, 60 სამუშაო დღიდან 45 დღემდე შემცირდება.

სარჯველაძის თქმით, აღნიშნულის შესახებ მეტ დეტალს საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობენ.

„დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, 60 სამუშაო დღე არის განსაზღვრული პერიოდი, როდესაც კლინიკების მიერ მოწოდებული ანგარიშგების ინსპექტირება უნდა განხორციელდეს. სამინისტროს აქვს გეგმა, რომ ეს პროცესი გახდეს კიდევ უფრო ხანმოკლე, ამისთვის არსებობს გარკვეული ოპტიმიზაციის გეგმა და შესაძლებლობა, რომ ვადა კიდევ უფრო შემცირდეს. ჩვენი ვარაუდით, პირველ ეტაპზე ეს პერიოდი დაყვანილი იქნება 45 დღემდე. შევეცდებით, ასე იყოს. აღნიშნულთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში მეტ დეტალს შეიტყობთ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

რაც შეეხება კიდევ ერთ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, სამედიცინო დაწესებულებები კოვიდპანდემიის პერიოდში დაკისრებული ჯარიმებისგან განთავისუფლდებიან, სარჯველაძის შეფასებით, ეს კარგი შესაძლებლობა იქნება კლინიკებისთვის, მეტად იყვნენ ორიენტირებული პაციენტის უფლებებსა და უსაფრთხოებაზე.

„მაქსიმალურად ვცდილობთ, მოვუსმინოთ კლინიკებს და ვეცადოთ, რომ ხელისუფლებამ მხედველობაში მიიღოს ყველა მოთხოვნა, რომელიც შეიძლება იყოს დაკმაყოფილებადი, გაზიარებული. ამის დემონსტრირება გახლავთ, ამ შემთხვევაში, ეს ინიციატივა. გარკვეული ნაწილის, 20%-ის გადახდის შემთხვევაში, კლინიკებს ექნებათ შესაძლებლობა, მოიპოვონ შეღავათი. ვფიქრობ, ეს კარგი შესაძლებლობა იქნება კლინიკებისთვის, მეტად იყვნენ ორიენტირებული პაციენტის უფლებებსა და უსაფრთხოებაზე, უკეთესი ხარისხის სერვისის მიწოდებაზე. უმჯობესია, რომ მათი ფინანსური შესაძლებლობები ხმარდებოდეს პაციენტის უფლებებს“ , – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღეს მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ ჯანდაცვის პროგრამების მონაწილე კლინიკებისთვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადები მნიშვნელოვნად შემცირდება. ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, კოვიდპანდემიის პერიოდში დაჯარიმებული კლინიკები 20%-ის გადახდის შემთხვევაში ჯარიმის სრულად გადახდისგან გათავისუფლდებიან.