მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულების შესწავლის მიზნით ინტერესთა გამოხატვის გამოცხადება საკითხში მეტ სიცხადეს შეიტანს
„ქართული ოცნების“ დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ „ნამახვანჰესის“ პროექტის არსებული ხელშეკრულების შესწავლის მიზნით ინტერესთა გამოხატვის გამოცხადება „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ დილემაში სწორი გადაწყვეტილების მისაღებად კარგი წყარო იქნება მოქალაქეებისთვის.
„არის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც მოქალაქეებს სურთ, მეტი ინფორმაცია მიიღონ. ეს კარგია და არაფერი დასაძრახი არ არის. შესაბამისად, ის გადადგმული ნაბიჯები, რომლის მიზანიც არის მეტი სიცხადის შეტანა, მეტი დამკვირვებლის პოზიციის დაფიქსირება, მოსაწონი და კარგია. სავარაუდოდ, ეს დასკვნა და შესწავლა, ზოგადად გამოკვლევა უფრო ფართო იქნება, ვიდრე თავის დროზე, მაგალითად, ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით იყო ჩატარებული და წარმართული იუსტიციის სამინისტროს მხრიდან.
ვფიქრობ, ეს მეტ სიცხადეს შეიტანს ამ მიმართულებით. მაგრამ მეორე პრობლემა და უფრო მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით, არის ცალკეული ადამიანების განწყობა საკითხებისადმი იმ თვალსაზრისით, რომ შეიძლება, ისინი ასახელებდნენ მეტი სიცხადის შეტანის სურვილს, მაგრამ სინამდვილეში, მათი რეალური განწყობა უკავშირდება არა არგუმენტებს, არამედ მათთვის აბსოლუტურად მიუღებელია პრინციპულად ჰესის მშენებლობა, როგორი კარგიც უნდა იყოს ხელშეკრულება, როგორი კარგიც უნდა იყოს გამოკვლევები, იგივე გარემოს დაცვის მიმართულებით და ა.შ.
იმ ადამიანებისთვის, ვისაც გულწრფელად აქვს სურვილი, რომ გაიგოს, რა უფრო ღირებულია ამ შემთხვევაში, ეკოლოგიური მოსალოდნელი პრობლემა და არსებობს თუ არა ასეთი პრობლემები, თუ ენერგოდამოუკიდებლობა, ვისაც რეალურად საკითხის გამოკვლევა სჭირდება, იმისთვის რომ დილემაში იპოვოს სწორი გადაწყვეტილება, მათთვის, რასაკვირველია, ეს იქნება კარგი წყარო, რომ გადაწყვეტილება მიიღონ ინფორმირებულად ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
დღეს გახდა ცნობილი, რომ იუსტიციის სამინისტრო „ნამახვანჰესის“ პროექტის არსებული ხელშეკრულების შესწავლის მიზნით ინტერესთა გამოხატვას აცხადებს.