მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ამნისტიის კანონი გაზაფხულამდე ამოქმედდება
მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ამნისტიის კანონი გაზაფხულამდე ამოქმედდება

ამნისტიის კანონი გაზაფხულამდე ამოქმედდება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარლამენტის ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა, რომელიც პარლამენტში ინიცირებული ამნისტიის კანონპროექტის ავტორია.

სარჯველაძე კანონის მიღების ზუსტ დროს ვერ ასახელებს თუმცა ამბობს, რომ მანამდე დაგეგმილი კონსულტაციები კანონის საბოლოო ფორმირების მიზნით, უახლოეს მომავალში დაიწყება.

ამასთან, კომიტეტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ პროექტში არსებულ 44 საბრალდებო მუხლს კონსულტაციების შედეგად სხვა მუხლებიც დაემატოს.

„საშემოდგომო სესია გუშინ დასრულდა, თუმცა მოსალოდნელია, რომ უახლოეს პერიოდში იქნება რამდენიმე რიგგარეშე სხდომა. ჩვენ ვეცდებით, რაც შეიძლება სწრაფად წარიმართოს კონსულტაციებიც და ყველა პროცედურა სწრაფად გავიაროთ. კონკრეტულ ვადებზე საუბარი ამ წუთას გამიჭირდება. ეს დამოკიდებული იქნება ზოგადად პარლამენტის საქმიანობის დღის წესრიგზე, მათ შორის უახლოეს პერიოდში როგორი დატვირთული იქნება დღის წესრიგი. ჩვენი მიზანია, ერთი მხრივ, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ გადაწყვეტილების მიღება, მეორე მხრივ, ეს იყოს რაც შეიძლება მაქსიმალურად მიახლოებული იდეალურ ბალანსთან, რასაც ვესწრაფვით ამ საკანონმდებლო აქტით. ყველა შემთხვევაში, ეს უნდა იყოს გაზაფხულამდე“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

რაც შეეხება კანონპროექტის ირგვლივ დაგეგმილ კონსულტაციებს, სარჯველაძის თქმით, ამ პროცესში უნდა ჩაერთონ პროფესიული წრეები, მათ სორის ადვოკატები, არასამთავრობო სექტორი და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

„იმედი მაქვს, სრულად მოვიცავთ დაინტერესებულ პირთა წრეს და აქედან გამომდინარე, სწორი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა ექნება საქართველოს პარლამენტს კონსულტაციების პროცესში. უახლოეს მომავალში განისაზღვრება წამყვანი კომიტეტი ვინ იქნება. მოსალოდნელია, რომ ეს იქნება იურიდიული კომიტეტი და შესაბამისად, იმ ფორმატში განიხილება ყველა ეს საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ამ კანონპროექტის განხილვის პროცესში”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ის გამოეხმაურა ადვოკატების ნაწილის განცხადებებსაც, რომლის მიხედვითაც კანონპროექტში მოყვანილი 44 მუხლის ირგვლივ პატიმრები მასობრივად არ არიან და პროექტში ე.წ. მუშა მუხლები არ არის შეტანილი.

„ხშირად გამოყენებულია თუ არა ეს მუხლები, იმ ადამიანისთვის, ვისაც შეეხება რომელიმე ნორმა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ამ კანონპროექტში ისეთი ნორმების არსებობა, რომლებიც შეიძლება ხშირი დანაშაული არ იყოს საზოგადოებაში, ეს არ ნიშნავს, რომ ეს მუხლი ამ კანონპროექტში არ უნდა ჩაიწეროს. პირიქით, უნდა იყოს თუ რა თქმა უნდა, სხვა კრიტერიუმებით მისი ადგილი ამ კანონპროექტში არის. რაც შეეხება სხვა მუხლების დამატებას, ეს არის ის, რაც უნდა გვაჩვენოს კონსულტაციების პროცესმა. მასობრიობა არ არის ჩვენი თვითმიზანი, გონივრული ბალანსი არის მთავარი კრიტერიუმი და ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც უნდა შევარჩიოთ ის დანაშაულები, რომლებისთვისაც გათვალისწინებული იქნება ამნისტია. ერთი მხრივ, არის ჰუმანური აქტი, მეორე მხრივ, კი მნიშვნელოვანი პრინციპები სისხლის სამართლის პოლიტიკის. მზად ვართ და გავხსენით კარი, რომ ამ თემებზე ვისაუბროთ რაც შეიძლება სიღრმისეულად. ვერ გამოვრიცხავ, რომ კანონპროექტს დაემატოს გარკვეული მუხლები, ეს კონსულტაციებით უნდა გაირკვეს ყოველხმრივი ჩართულობის შედეგად“, – განაცხადა სარჯველაძემ.