მიხეილ სალუაშვილი - სახელმწიფომ გარანტიები უნდა შექმნას, რომ მოსახლეობამ სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად საჭირო კალორიები მიიღოს
საპენსიო რეფორმა უნდა იყოს აგებული დასაქმებისა და ინვესტიციების მოძიების პრობლემაზე, რათა ბიუჯეტი შეივსოს და ამ პროგრამის დაფინანსების წყაროების მოძიების შესაძლებლობა იყოს, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, მიხეილ სალუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“.
„საპენსიო რეფორმა იმაზეა დამოკიდებული, შემოსავლებიდან გამომდინარე, პერსპექტივაში, სახელმწიფოს პენსიის გაცემის რა უნარი აქვს. ამის ორიენტირი საარსებო მინიმუმი უნდა იყოს და სახელმწიფომ გარანტიები უნდა შექმნას იმისა, რომ მოსახლეობამ სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად საჭირო კალორიები მიიღოს“, – განაცხადა სალუაშვილმა.
მისი თქმით, დღეს საარსებო მინიმუმის ოდენობა პენსიის დადგენილი ზღვარიდან გამოჰყავთ და როცა პენსია 180 ლარია, მთავრობამ უნდა განაცხადოს, რომ საარსებო მინიმუმი ამ პენსიაზე ცოტა დაბალია, მაგრამ როცა პენსიის ქვედა ოდენობა საარსებო მინიმუმის მიხედვით განისაზღვრება და მინისტრის ხელფასი პენსიის გარკვეული ჯერადი თანხა იქნება, მაშინ, ეს ურთიერთკავშირში დისჰარმონიას კი არ შექმნის, არამედ, სასურველ შედეგს დააყენებს.
ამ განცხადებით მიხეილ სალუაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, გამოიყენებს თუ არა ის საპრეზიდენტო კათედრას იმისთვის, რომ საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით განსხვავებული სოციალური ხედვა შემოგვთავაზოს, რადგან პრეზიდენტს ძალიან მნიშვნელოვანი კათედრა აქვს, რათა ნებისმიერი საკითხის ადვოკატირება მოახდინოს.
მიხეილ სალუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს, მსოფლიო და შესაბამისად, საქართველოც დაბერების პრობლემის წინაშე დგას, მაგრამ დიდი ერები ამ პრობლემას უფრო ადვილად იტანენ, ვიდრე მცირერიცხოვანი ერები, რადგან როცა ეკონომიკა სასურველ დონეზე განვითარებული ვერ არის, მიგრაცია ქვეყანაში ტოვებს ასაკობრივ დისჰარმონიას, პენსიაზე მყოფ ადამიანებსა და იმ ადამიანებს შორის, რომელთა შემოსავლებითაც ბიუჯეტი ივსება.