მიხეილ სააკაშვილზე ძებნა სამი მუხლით გამოცხადდა
მიხეილ სააკაშვილზე ძებნა სამი მუხლით გამოცხადდა

ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს ეროვნული პოლიცია და უსაფრთხოების სამსახური ეძებენ.

როგორც „ტვიტერში“ უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესმდივანი ლარისა სარგანი წერს, ძებნა უკვე გამოცხადებულია.

მისივე ინფორმაციით, სააკაშვილზე ძებნა სამი მუხლით გამოცხადდა.

„გამოცხადდა ძებნა სააკაშვილზე, რომელიც ეჭვმიტანილია იმ დანაშაულების ჩადენაში, რომელიც გაწერილია სისხლის სამართლის კოდექსის 15-ე მუხლში (თავდასხმა, დანაშაულის მცდელობა), 28-ე მეორე მუხლის მეორე ნაწილში (დანაშაულის ჩადენა პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი განზრახვით) და 256-ე მუხლის მეორე ნაწილში (დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა ხელშეწყობა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დამალვა)“, – წერს სოციალურ ქსელში პროკურორის პრესსპიკერი.

შეგახსნებთ, გუშინ რადას შენობაში გამოსვლისას უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს უსაფრთხოების სამსახურში გამოცხადებისთვის 24-საათიან ვადას აძლევს.