მიხეილ სააკაშვილს ნიდერლანდებში პირადობის დამადასტურებელი მოწმობა მისცეს
ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროკავშირის ტერიტორიაზე ცხოვრებისა და მუშაობის უფლება მიიღო, – ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
როგორც მიხეილ სააკაშვილი წერს, ნიდერლანდებში პირადობის დამადასტურებელი მოწმობა მისცეს. თუმცა მისი თქმით, უკრაინის მოქალაქეობის აღდგენას მაინც გეგმავს.
„დღეს, ამსტერდამში, პირველად ბოლო პერიოდის განმავლობაში, მე მაქვს პირადობის დამადასტურებელი ნამდვილი დოკუმენტი. ნიდერლანდებში ჩამოსვლისთანავე გადმომცეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რაც ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას მაძლევს. მთელ პროცედურას სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა. თუმცა მე როგორც არასდროს, მტკიცედ ვარ განწყობილი უკრაინის მოქალაქეობის დასაბრუნებლად“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილი ამსტერდამში ვარშავიდან ჩავიდა. პოლონეთში ის უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა 12 თებერვალს გააძევა.