მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში დღეს გადაიყვანენ, რის შემდეგაც შეწყვეტს შიმშილობას
მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში დღეს გადაიყვანენ, რის შემდეგაც შეწყვეტს შიმშილობას

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლას დათანხმდა. ამის შესახებ ციხის სამკურნალო დაწესებულებასთან ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განუცხადა.

გვარამიას თქმით, სააკაშვილს ჰოსპიტალში დღესვე გადაიყვანენ, რის შემდეგაც შეწყვეტს შიმშილობას.

„რამდენიმესაათიანი საუბრის შემდეგ, დეტალების გავლის შედეგად, მიხეილ სააკაშვილი თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შეწყვეტს შიმშილობას გორის ჰოსპიტალში განთავსებისთანავე. მიუხედავად იმისა, რომ ჰოსპიტალი სააკაშვილის მიერ აშენებულია და მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილია, ვფიქრობთ, ალბათ მაღალკვალიფიციური ექიმებიც არიან, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დაზუსტებით ვიცოდეთ სპეციალისტებისგან, რომ იქ ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს და შიმშილობის შემდგომი აღდგენის პროტოკოლი გაიწეროს სპეციალისტების მიერ, იყოს ყოველდღიური ანგარიშები მიხეილ სააკაშვილის თქმით, რაც კი აქამდე შექმნილა, ყველა კონსილიუმის, ყველა მათგანის მონაწილეობით. ეს ეხება, სახელმწიფოს მიერ შექმნილს, მარიამ ჯიშკარიანის ჯგუფს, ასევე ნინო ლომჯარიას საექსპერტო ჯგუფს. იმედი მაქვს, ამასთან დაკავშირებით მათი თანხმობაც იქნება.

მიხეილ სააკაშვილი დღეს იქნება გადაყვანილი გორის ჰოსპიტალში. ხვალიდან უკვე მნიშვნელოვანია, დავადგინოთ ზუსტად მისი სამედიცინო დღის წესრიგი, წინასწარ გაწერილი პროტოკოლით, ასევე იყოს ანგარიშები ყოველდღიურად გარე სპეციალისტებისთვის და არა მხოლოდ ამ კლინიკის ექიმების მონაწილეობით მოხდეს ეს და მხოლოდ მათ ჰქონდეთ ინფორმაციაზე წვდომა. მისი ტრანსპორტირება განხორციელდება მოგვიანებით. არ ვამბობ ზუსტად დროს, ამას ითხოვს უსაფრთხოების ზომები“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიამ გლდანში, ციხის საავადმყოფოსთან შეკრებილებს სთხოვა, შეფერხება არ შექმნან.

„მინდა, ვთხოვო ყველას, ვინც აქ იმყოფება, რომ შეფერხებები არ შექმნას აქ დგომით, რადგან უბრალოდ, არ გამოვა დაწესებულებიდან რეანომობილი, თუ აქ იქნება ადამიანების სიმრავლე. ბუნებრივია, ეს მედიას არ ეხება. რაც შეეხება დასწრებას, ბუნებრივია, ჩვენ ვერ მოვითხოვთ რეანომობილში ჯდომას, ეს შეუძლებელია და დასაშვებიც არ არის, მაგრამ მისი პირადი ექიმი და ქალბატონი გიული, რომელიც ახლა მოვა აქ, დარჩებიან მასთან, ვიდრე გადაიყვანენ და შემდეგ ჩვენ წავალთ გორში; მოვახდენთ მისი გადაყვანის ინსპექტირებას, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ იგივე არ მოხდება, რაც წინა ჯერზე. ამის შემდეგ დავტოვებთ გორს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამიამ ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით უკეთესია.

„დღეს კონტაქტურია, კომუნიკაბელურია. შესაბამისად, ამ ეტაპზე რამე მძიმე გართულებები არ არის“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დღეს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს სთავაზობენ, გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში. „ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომლებიც ახლა შიმშილობენ. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, იგი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.