მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს დაკითხვაზე უარი განუცხადა
ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს დაკითხვაზე უარი უთხრა. ამის მიზეზად მან კანონის დარღვევა დაასახელა.
როგორც „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი და მისი ადვოკატები ამბობენ, მიხეილ სააკაშვილი ერთდროულად დაკითხვაზე და ექსპერტიზაზე დაიბარეს, რაც, მათივე განმარტებით, კანონდარღვევაა.
ბრალდებებს არ იზიარებს საგამოძიებო უწყება, რომელიც პროცესების ხელოვნურად გაჭიანურებაზე მიუთითებს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან დღეს მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აპირებს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანოს საჩივარი უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ, რადგან მისი განცხადებით, მისი დაკავების დროს უხეშად დაირღვა კანონი. როგორც ის აღნიშნავს, ადგილი ჰქონდა მის უკანონო გატაცებასა და ტყვეობას.
პარალელურად, დღეს, კიევის დროით, 13:30 საათზე უმაღლეს ადმინისტრაციულ სასამართლოში გაიმართება სხდომა, სადაც სააკაშვილის “სპეციალური დაცვის ქვეშ მყოფი პირის” სტატუსზე იმსჯელებენ. ოდესის ყოფილი გუბერნატორის თმით, მთავრობა მისთვის ამ სტატუსის შეჩერებას შეეცდება, რის შემდეგაც ექსტრადიციის პროცესი გააქტიურდება.
ადვოკატებმა დილით სხდომის გადადება მოითხოვეს და მიზეზად მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დაბარება დაასახელეს, მიუხედავად იმისა, რომ დაკითხვაზე შესვლას სააკაშვილი არ აპირებდა და მას სასამართლოში მისვლა თავისუფლად შეეძლო.