მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოდან საჩივარი გამოიტანა, შესაბამის წერილში აღნიშნულია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის
მიმდინარე წლის 25 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან იუსტიციის სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის მსჯავრდებულ სააკაშვილის წერილი სტრასბურგის სასამართლოდან მისი საჩივრის გახმობის თაობაზე, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
„18 აპრილით დათარიღებულ წერილში სააკაშვილის ადვოკატი აღნიშნავს, რომ ამჟამად სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო. ევროპული სასამართლოს მიერ იუსტიციის სამინისტროს ეთხოვა კომენტარის გაკეთება 10 მაისამდე ასეთის არსებობის შემთხვევაში. ჩვენ დღეს გავაგზავნეთ შესაბამისი პასუხი, რომელშიც აღვნიშნავთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად არ ყოფილა სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი, რაც დადასტურდა თავად სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2023 წლის 11 მაისს, როდესაც მსჯავრდებულ სააკაშვილს უარი ეთქვა მკურნალობის მიზნით პოლონეთში, კერძოდ, ვარშავის კლინიკაში გადაყვანაზე.
ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ვთხოვეთ, გვაცნობონ განსახილველ საქმეთა ნუსხიდან საქმის ამორიცხვის აქტი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.