მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, გადაწყვეტილების შესრულებისთვის კი გარკვეულ პირობებს აყენებს
მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
„მივიღე გადაწყვეტილება, რომ გავითვალისწინო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და შევწყვიტო შიმშილობა“, – ნათქვამია სააკაშვილის წერილში, რომელიც ნიკა გვარამიამ გაავრცელა.
ამასთან, ამ გადაწყვეტილების შესრულებისთვის მიხეილ სააკაშვილი გარკვეულ პირობებს აყენებს.
„შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე შიმშილობის მართვის პროცესი, ამიტომაც გლდანის საავამდყოფოში ამის არც ტექნოლოგიური პირობებია და არც სათანადო კვალიფიკაციის მედპერსონალი. ამას გარდა, წამოუდგენელია, ვენდო იმ დაწესებულების თანამშრომლებს, ვინც წამების პირობებში მამყოფებს და ასევე მათი ძალადობის ამსახველი კადრებიც დღეს იხილეთ. ამას გარდა, აქ არ არსებობს უსაფრთხოებისა და ფსიქლოგიური ზეწოლისგან დაცვის არანაირი გარანტია, რაც სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნაცაა. ასევე უდიდეს საფრთხედ მიმაჩნია გორის ჰოსპიტალი, რადგანაც რუსული საოკუპაციო ჯარისა და სპეცდანიშნულების დანაყოფები რამდენიმე კილომეტრში იმყოფება ამ დანაყოფიდან, იმ რუსეთის, ვინც ჩემი ლიკვიდაციის მთავარი დამკვეთია. ვითხოვ ექიმთა კონსილიუმის მიერ მიღებული იქნეს გადაწყვეტილება, რომელ მულტიფუნქციურ და მაღლტექნოლოგიურ კლინიკებში და მკურნალობის რა პირობებით ვიქნები უზრუნველყოფილი პოსტშიმშილობის რეაბილიტაციის პროცესის დროს. კონსილიუმი უნდა იყოს მხოლოდ პროფესიონალებისგან შემდგარი პარიტეტულ საფუძველზე, ჩემი წარმომადგენლებისა და სახელმწიფოს მიერ დანიშნული წარმომადგენლების თანაბარი რაოდენობის ექიმების შემადგენლობით.
მისი გადაწყვეტილება უნდა იყოს არა სარეკომენდაციო ხასიათის, არამედ სავალდებულო, როდესაც მე დავემორჩილები უპირობოდ, უნდა დაემორჩილოს ხელისუფლებაც. ამ ვითარებაში, როგორც კი მიღებული იქნება ეს გადაწყვეტილება და გადამიყვანენ ამ დაწესებულებიდან სათანადო დაწესებულებაში, შიმშილობას დაუყოვნებლივ შევწყვეტ“, – აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის წერილში.