ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა კიევის სააპელაციო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ნაციონალური ბანკის ხელმძღვანელი და პროკურორები კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მის სახლში ჩხრეკა 5 დეკემბერს ე.წ. კრამატორსკის საქმის ფარგლებში ჩატარდა.
„ჩემს სახლში ჩხრეკა კრამატორსკის საქმის გამოძიების ფარგლებში კრამატორსკის სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩატარდა. ეს არის საქმე, როდესაც პოროშენკოს პირადი ბანკირი გონტარევა შეთავსებით ეროვნული ბანკის თავმჯდომარე და მისი პირადი ფინანსისტი პოსენიუკი, რომელზეც გადის პოროშენკოს ყველა ოფშორი, იანუკოვიჩის ფულს ათეთრებდნენ“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, პროკურატურის თანამშრომლები მონაწილეობენ უკრაინის თანამედროვე ისტორიაში უმსხვილეს კორუფციულ სქემაში, რომლის ფარგლებში 1,5 მილიარდი დოლარის გათეთრება მოხდა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მასთან ჩატარებული ჩხრეკის დროს სწორედ ამ კორუფციული გარიგების შესახებ ეძებდნენ დოკუმენტებს.
„მათ ფინანსური მაქინაციები ჩაატარეს, მოიპარეს 1,5 მილიარდი და ჩემს სახლში რაღაცას ეძებენ. წარმოგიდგენიათ, რა აბსურდთან, ცინიზმის რა დონესთან გვაქვს საქმე? ამ ყველაფრის შემდეგ ისინი ჩემს სახლში პოულობენ Bank of America-ს ბარათს, ეს არის საბანკო ანგარიში, რომელსაც ამერიკაში ცხოვრების დროს ვიყენებდი და რომელიც დავხურე ამერიკიდან უკრაინაში წამოსვლამდე, ამ ჭკვიანებს მიაქვთ ეს ბარათი სასამართლოში, სასამართლო ამასთან დაკავშირებით ერთი თვე მოსმენას ატარებს და აყადაღებს ჩემს არარსებულ ანგარიშს, რომელზეც ნული დოლარი ირიცხება. ამ დროს კი თავად მოპარული აქვთ 1,5 მილიარდი დოლარი. აი ეს არის მათი პროკურატურა და მართლმსაჯულება. ინგლისურში არის ასეთი ტერმინი Kangaroo Prosecutors – კენგურუ პროკურორები. თქვენ წინაშე ახლა ორი კენგურუ ზის, მათი მთავარი კენგურუს ხელმძღვანელობით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.