მიხეილ სააკაშვილი - იანუკოვიჩი არაყი და ვისკი იყო, პოროშენკო კი ლუდია
მიხეილ სააკაშვილმა პეტრო პოროშენკო ლუდს შეადარა, რომლისგანაც უკრაინას ნაბახუსევი ექნება. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა ტელეკომპანია NewsOne-ის ეთერში განაცხადა.
„ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ იანუკოვიჩი კრიმინალია. როდესაც სვამ არაყს ან ვისკის, ორგანიზმი მობილიზებას ახდენს, ჯანყდება, ირთვება თავდაცვის მექანიზმი, რადგან ორგანიზმი აცნობიერებს, რომ ეს არის საწამლავი. იცით, რომელია ყველაზე საშიში ალკოჰოლი? ლუდი. როდესაც ლუდს სვამ, ის სულ 12-გრადუსიანია, ამიტომ ორგანიზმი ფიქრობს, რომ ეს საკვებია და შენ სულ უფრო და უფრო მეტს სვამ. იანუკოვიჩი არაყი და ვისკი იყო, პოროშენკო კი ლუდია“, – განაცახადა მიხეილ სააკაშვილმა.
ოდესის ყოფილი გუბერნატორის თქმით, თავისი ნაციონალისტური ლოზუნგებით პოროშენკო წამლავს უკრაინის ორგანიზმს.
ამას გარდა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მის მიერ პოროშენკოსთვის მიწერილი წერილის შინაარსი ჰგავდა იმ წერილს, რომელიც მან საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს გადადგომამდე მიწერა.
„მე მას მივწერე: „თქვენ მე დამამცირეთ. არ შეიძლება, არ იცოდეთ, რომ მე მოსკოვის აგენტი არ ვარ და ბოროტი ზრახვები არ მამოძრავებს. მე თქვენდამი არ მაქვს აგრესიული განზრახვა. ამ სიტუაციაში მოგებული მხოლოდ პუტინი რჩება, მე მზად ვარ საუბრისთვის“. თუმცა რაზე უნდა ვისაუბროთ? იმაზე, რაზეც მე პრეზიდენტ შევარდნაძეს ვესაუბრე. პრეზიდენტ შევარდნაძეს მისი ვადის ამოწურვამდე წელიწად-ნახევრით ადრე, ველაპარაკე ხელისუფლებიდან მის მშვიდობიან წასვლაზე: სისხლისღვრისა და ძალის გამოყენების გარეშე“, -აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.