მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი იკითხება
განვიხილე სამედიცინო ჩანაწერების საკმაოდ დიდი რაოდენობა, ლაბორატორიული ტესტების შედეგები, ასევე თმების, ფრჩხილებისა და სისხლის ნიმუშების, გაფართოებული სამედიცინი ჩანაწერები და 170-გვერდიანი დასკვნა. ჩემი აზრით, ის იყო მოწამლული სხვადასხვა მეტალით, მათ შორის არის ვერცხლისწყალი, დარიშხანი და ბარიუმი, – ამის შესახებ ტოქსიკოლოგმა დევიდ სმიტმა მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე დაკითხვისას განაცხადა. სასამართლო პროცესზე ის კალიფორნიიდან ონლაინ ერთვება.
„ამ ტიპის მძიმე მეტალები გარკვეული დროის შემდეგ გამოიყოფა სხეულიდან. გამოყოფის პროცესში წამლავენ სხვადასხვა ორგანოს. ამის შედეგად, მან განიცადა თავის ტვინის სერიოზული დაზიანება. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული ადგილი, რაც დაზიანდა თავის ტვინში, იყო თეთრი ნივთიერება, ანუ თავის ტვინის აღმასრულებელი რგოლი. მას აქვს პერიფერული ნეიროპათია, რაც წარმოადგენს ნერვების დაზიანებას თავის ტვინის გარეთ, ასევე, ადგილი აქვს კუნთების განლევას. მას საჭმლის მომნელებელ სისტემაში აქვს დაზიანება, რაც გასტრიტს იწვევს. ეს იწვევს მუდმივ დიარეას, შესაბამისად, კახექსიას და წონის მკვეთრ დაკლებას. მას აქვს დაზიანება ღვიძლსა და სხვა სასიცოცხლო ორგანოებში, როგორებიცაა თირკმელი და გული. მძიმე მეტალებით მოწამვლა, პრაქტიკულად, ყველა ორგანოს აზიანებს. შესაბამისად, მისი სამედიცინო მდგომარეობა არის სერიოზული“, – განაცხადა დევიდ სმიტმა.
კითხვაზე, – „შესაძლებელია თუ არა, ეს მძიმე მეტალები ორგანიზმში მოხვედრილიყო მკურნალობის შედეგად, ვთქვათ, მედიკამენტების შედეგად?“ – დევიდ სმიტმა უპასუხა, რომ აღნიშნული მეტალები არ შეიძლება იყოს რომელიმე სამედიცინო მეთოდის მკურნალობის გამო მოხვედრილი ორგანიზმში.
„არა, ეს მეტალები არ შეიძლება იყოს ნაწილი რომელიმე სამედიცინო მეთოდ-მკურნალობის, რადგან ისინი ძალიან ტოქსიკურია. ისინი სამედიცინო მკურნალობისთვის არ გამოიყენება. ეს მეტალები ამძიმებენ ჯანმრთელობის მდგომარეობას და ასევე, მათ კავშირი აქვთ პაციენტის დაავადებასთან. მას არ მიუღია შესაბამისი მკურნალობა მძიმე მეტალებთან დაკავშირებით. დეტოქსიკაცია არ ჩატარებულა იმ წამლებზე, რაც მას არსებული სიმპტომების ნიველირებისთვის მიეცემოდა“, – აღნიშნა დევიდ სმიტმა.
რაც შეეხება კითხვას, – „კიდევ რომ დავაზუსტოთ, ციხეში იქნა ეს ადამიანი მოწამლული?“ – დევიდ სმიტი პასუხობს: „მას სიმპტომები ჰქონდა, როცა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მე მივიჩნევ, რომ სამედიცინო დაწესებულებაში არ მომხდარა მისი ექსპოზიცია, არამედ მოხდა მანამდე, ციხეში“.
კიდევ ერთ კითხვაზე, – „პაციენტის მძიმე ავადმყოფობა მოიცავს თუ არა სხვადასხვა ხარისხით სერიოზული ინვალიდობის არსებობას, დაინვალიდების რისკს ან სიკვდილს?“ – დევიდ სმიტმა უპასუხა: „დიახ“. მისი განმარტებით, „მიხეილ სააკაშვილს სჭირდება ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა, სადაც შესაძლებელი იქნება მძიმე მეტალებთან და წამლებთან დაკავშირებული დეზინტოქსიკაცია“.