მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე ამერიკელი ნევროლოგი შაჰინ ემანუელ ლახანი იკითხება
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე ამერიკელი ნევროლოგი შაჰინ ემანუელ ლახანი იკითხება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე ამერიკელი ნევროლოგი – შაჰინ ემანუელ ლახანი იკითხება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე შაჰინ ემანუელ ლაჰანი დისტანციურად ერთვება. ამ ეტაპზე ამერიკელ ნევროლოგს შეკითხვებით მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ მიმართა.

შაჰინ ემანუელ ლაჰანის განცხადებით, სააკაშვილი სერიოზულად არის ავად.

„სააკაშვილს აწუხებს თავის ტვინის, ზურგის ტვინისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დისფუნქცია. ყველაზე მძიმე დიაგნოზი, რაც მას აქვს, არის დემენცია, ასევე – კრუნჩხვები. სააკაშვილს აქვს პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება, რაც ართულებს სიარულს. ამასთან, ზემოქმედება ხერხემლისა და კისრის მიდამოში, მალთაშუა დისკებს შორის, ანუ ზურგის ტვინზე. აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ხარისხის პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. ადგილი აქვს პოლიფარმაციას, ანუ მრავლობითი შეუსაბამო მედიკამენტების დანიშვნას. ეს ყველაზე სერიოზულია იმ სამედიცინო მდგომარეობებს შორის, რაც მას აქვს. სააკაშვილს ასევე აწუხებს გონების გარდამავალი დაკარგვა, დემენცია, კუნთების მნიშვნელოვანი განლევა. ეს არის მისი სერიოზული დაავადებების სია, რომლებიც, მიმაჩნია, რომ ხელის შემშლელი ფაქტორია სასჯელის მოსახდელად“, – აღნიშნა ნევროლოგმა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ქმნიან სიკვდილის საშიშროებას.

„ციხეში მოთავსებამდე ნევროლოგიური მდგომარეობის მხრივ იყო ჯანმრთელად და ინტელექტუალური ფუნქციები ჰქონდა. თავისუფლად შეეძლო ადამიანებთან სრულყოფილად ურთიერთობა. დაპატიმრების შემდეგ სახეზე იყო ამ შესაძლებლობების მკვეთრი დაქვეითება და ეს მეც გამოვავლინე გასინჯვის დროს. მას აქვს ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ქმნიან სიკვდილის საშიშროებას. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა კრუნჩხვით შეტევებს, რომლებსაც შეუძლიათ, მიგვიყვანონ უცაბედ სიკვდილამდე, თუ მკურნალობა არ არის სწორად ჩატარებული. მისი გასინჯვის შემდეგ მე ვხედავ, რომ ამის საშიშროება არის, რამდენადაც მას სწორი მკურნალობა არ უტარდება. რაც შეეხება დემენციას, შემიძლია გითხრათ, რომ მისი მდგომარეობა ძალიან სწრაფად მძიმდება. ეს დემენციის მიმდინარეობაა, რომელიც სწრაფად მძიმდება. დემენცია იწვევს ადამიანის ყოველდღიური აქტივობების დარღვევას, როგორიცაა საკუთარი თავის მოვლა და ასე შემდეგ. ვინაიდან მას არ ეწევა სწორი მკურნალობა, ვერ ვხედავ შესაძლებლობას, ამ პირობებში გამოჯანმრთელდეს. ვიდრე სხვებისგან არ მივიღე ინფორმაცია, არ უთქვამთ, რომ კრუნჩხვები ჰქონდა და გამოკვლევისას დაეცა. მის სხეულზე აღმოვაჩინე დაზიანებები. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ მას არ ახსოვს ეს ეპიზოდი, რაც დამახასიათებელია ამ ტიპის კრუნჩხვებისთვის. ეს ვუთხარი სამედიცინო პერსონალს, თუმცა არ მისცემია შესაბამისი მკურნალობა. ჩემთვის ეს ნათელი დადასტურებაა, რამდენად არაადეკვატურია მის მიმართ გაწეული მკურნალობა“, – განაცხადა შაჰინ ემანუელ ლაჰანიმ სასამართლო პროცესზე.