მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას მიერ ბიუჯეტის თანხის გაფლანგვის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას მიერ ბიუჯეტის თანხის გაფლანგვის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი იკითხება. მანამდე კი, მიხეილ სააკაშვილისა და ჯანაშიას ადვოკატებმა საქმეზე მირზა სუბელიანის დაკითხვა მოითხოვეს. ადვოკატების განცხადებით, ბოლო დროს გავრცელებული ჩანაწერები საქმეს უნდა დაერთოს.

როგორც ადვოკატები აცხადებენ, სუბელიანი ჩანაწერში ბევრ გახმაურებულ საქმეზე საუბრობს და ამბობს, რომ პროკურატურას სხვადასხვა საქმეზე მტკიცებულებების მოპოვებაში ეხმარებოდა. მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ ამ მოთხოვნის საფუძველი არ არსებობს.

პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროს თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვას ედავება.