მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად დარჩენის საკითხის განხილვა 5 თებერვლამდე გადაიდო
კიევის სააპელაციო სასამართლომ ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად დარჩენის საკითხის განხილვა 5 თებერვლამდე გადადო. ადვოკატ რუსლან ჩერნოლუცკის თქმით, მათთვის გაუგებარია, რატომ შეიცვალა მოსამართლეთა კოლეგია აღნიშნულ საქმეზე.
„ჩვენ მოსამართლეთა კოლეგიის შეცვლაზე არანაირი საპროცესო დოკუმენტი არ მიგვიღია. მოსამართლეთა აცილება, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი 22 იანვარს ითხოვდა, არ დააკმაყოფილეეს, რაც ნიშნავს, რომ მოსმართლეთა კოლეგიის ეს შემადგენლობა უცვლელი უნდა დარჩენილიყო. თუმცა რატომღაც, გუშინ შევიტყვეთ კოლეგიის შეცვლის შესახებ. გვსურს გავარკვიოთ, რის საფუძველზე მოხდა ეს“, – განაცახდა რუსლან ჩერნოლუცკიმ.
ადვოკატის თქმით, აქედან გამომდინარე, მოსამართელთა მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვების გამო, მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარემ უკვე ახალი მოსამართლეთა კოლეგიის აცილების შუამდგომლობა დააყენა. აცილების საკითხს მოსამართლეთა სხვა კოლეგია განიხილავს.
შეგახენებთ, 3 იანვარს კიევის საოლქო ადმინისტრაციულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის სარჩელი და უკანონოდ არ ცნო უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა ლტოლვილად, ან დამატებითი დაცვის საჭიროების მქონე პირად აღიარებაზე.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 30-დღიანი ვადა ჰქონდა, თუმცა, უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა თავადვე გაასაჩივრა მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება, რათა მისი დეპორტაციის პროცესი დაეჩქარებინა.