საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დღეიდან უვადო შიმშილობას აცხადებს.
„მე ვაცხადებ დღეიდან უვადო შიმშილობას, სრულს. ეს არის შიმშილობა, რეაქცია იმაზე, როგორც გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩემს ხალხს, ჩვენს ხალხს. აქ ჩემი ჯანმრთელობა არის მეასეხარისხოვანი. ნახოს ყველამ, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული. ნახოს ყველამ, რას ნიშნავს ამბიციები, თუ საკუთარი ქვეყნის უფრო მაღლა დაყენება კომფორტზე და ყველაფერზე. მხოლოდ სულელებს შეუძლიათ დაიჯერონ ის ბრალდებები, რომლებიც მე მაქვს წაყენებული. დაწყებული კოსტიუმების საქმიდან, შეწყალება და ა.შ.“, – განაცხადა სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე.
მან კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რას უკავშირდება შიმშილობის დაწყება.
„ჩემი მოთხოვნაა ადეკვატური ჯანმრთელობის დაცვის განხორციელება, როგორც ეს არის მოთხოვნილი სახალხო დამცველის კონსილიუმის და ცენტრ „ემპათიას“ მიერ. დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო ექსპერტები რომ შემოეშვათ, იტყოდნენ ზუსტად იგივეს. ეს არის კონკრეტული მოთხოვნა. ეს არ არის ის, რომ მორიგი ვიღაც საცოდავი, დაშინებული ექიმი შემომიყვანონ და მერე ქმარი მოუხსნან, ან შვილი ინსტიტუტიდან გამოუშვან, ან კიდევ სხვადასხვანაირი ხრიკები, რაც უკვე კარგად ავითვისე სისტემის მაფიოზურ საქართველოში. ეს არ გამოუვათ“, – აღნიშნა სააკაშვილმა.