მიხეილ სააკაშვილის „საზოგადოებრივი ოფისის“ გახსნის პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალებულთა ოჯახის წევრები აქციას მართავენ

თბილისში, სააკაძის დაღმართზე, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „საზოგადოებრივი ოფისი“ გაიხსნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალებულთა ოჯახის წევრები აქციას მართავენ.

ბუტა რობაქიძის მამის, სოსო რობაქიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ არაერთი ოჯახი გაანადგურა და მსგავსი ოფისის გახსნა შეურაცხმყოფელია.

„მე რა მინდა, იცით, ამ ხალხს ვკითხო? თქვენ რაც დააშავეთ და რა დანაშაულიც ჩაიდინეთ, ამოწყვიტეთ ამდენი ხალხი, ორი ტრაგიკული ადამიანი ვიდექით აქ. ერთ კითხვას დავუსვამდი და გაეცათ პასუხი, მეტი არაფერი. ეს სისხლისმსმელები, რომლებსაც არავისთვის ერთი ბოდიში არ აქვთ მოხდილი, დღეს რომ დემოკრატიაზე საუბრობენ, ევროპისკენ როგორ მიდიოდნენ, ხალხის კვლით? გაუპატიურებებით და ქონების წართმევით? ეს არის ევროპა? ესენი არიან პროევროპელები?“ – განაცხადა სოსო რობაქიძემ.

როგორც სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს პასუხის გაცემის შეეშინდათ და გაიპარნენ.

„მე და სოსო რობაქიძე მოვედით, რათა ლიდერებისთვის დაგვესვა რამდენიმე კითხვა და სუფთა ადამიანურად გაეცათ პასუხი. რაც გააკეთეს, დაინახეთ ალბათ, სხვა გასასვლელიდან გავიდნენ, ჩასხდნენ ლიდერები და გაიპარნენ. უნამუსოდ, ორი ადამიანისთვის პასუხის გაცემის შეეშინდათ. ეს არის მათი სახე და მათი პოლიტიკა. უბრალოდ ესენი ყველაფერს აკეთებენ, რათა ზემოთ საინფორმაციო სივრცეში იტივტივონ. პიარისა და ტყუილის გარდა, ამ ხალხმა არაფერი იცის“, – განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.