მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალდებულ გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სასამართლომ პატიმრობა ძალაში დატოვა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალდებულ გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სასამართლომ პატიმრობა ძალაში დატოვა.
აღკვეთის ღონისძიება დღევანდელ სხდომაზე გადაისინჯა. ბრალდების მხარე კვლავ პატიმრობას ითხოვდა.
პროკურორის განმარტებით, არსებობდა საფუძვლები, რომელსაც მხოლოდ უმკაცრესი აღკვეთის ღონისძიება უზრუნველყოფდა.
დაცვის მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა და აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვდა. ასევე დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, რის შემდეგაც საქმე არსებით განხილვას გადაეცა.
როგორც პროკურორმა, გრიგოლ ნიშნიანიძემ აღნიშნა, სასამართლომ ბრალდების მხარის ყველა შუამდგომლობა დასაშვებად ცნო.
„გიორგი ლორთქიფანიძის სისხლის სამართლის საქმეზე დასრულდა წინა სასამართლო სხდომა. სასამართლომ ბრალდების მხარის ყველა შუამდგომლობა დასაშვებად ცნო და საქმე გადასცა არსებითად განსახილველად“, – განაცხადა ნიშნიანიძემ.
მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 10 დეკემბერს დაიწყო.