მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, „ნაციონალური მოძრაობა“ აქციას მართავს
მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, „ნაციონალური მოძრაობა“ აქციას მართავს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, „ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო აქციას მართავს. აქცია პარტიის ცენტრალურ ოფისთან დაიწყო, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა რუსთავის ციხემდე მსვლელობა მოაწყვეს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა აღნიშნა, დღეს პარტია ბათუმსა და თბილისში იწყებს გამოსვლებს, ეს იქნება პერმანენტული და უწყვეტი აქციები.

„მას შემდეგ, რაც მოხდა სრული კონსოლიდაცია საერთაშორიო საზოგადოების, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპარლამენტის, ცალკეული ევროპარლამენტარების, დიპლომატიური კორპუსის მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით, ახლა უმნიშვნელოვანესია საჯარო და სამოქალაქო პროტესტის ორგანიზება. დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმსა და თბილისში იწყებს გამოსვლებს, ეს იქნება პერმანენტული და უწყვეტი აქციები, ვიდრე არ იქნება მიღწეული მიხეილ სააკაშვილისთვის ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფა“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ამასთან, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, მთავარი მოთხოვნაა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მესამე ქვეყანაში, რათა ის გადარჩეს.

„ეს არ არის ერთი ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვა, მათ შორის ეს უკავშირდება ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების, ცივილიზებულ სამყაროსთან მისწრაფებების სურვილს. ვინმეს თუ გონია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის სიკვდილის შემდეგ ცივილიზებულ სამყაროში დაგველაპარაკება, ძალიან ცდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, ეროვნული საკითხია, არ არის ეს პარტიული, როცა მეორე პრეზიდენტი უკვე უნდა მოვკლათ ჩვენს ქვეყანაში, ცხადია, ეს არ არის ნორმალური მდგომარეობა“, – განაცხდა ლევან ხაბეიშვილმა.