მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, ბათუმში აქცია მიმდინარეობს
მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, აქცია მიმდინარეობს. მანამდე აქციის მონაწილეები ბათუმის უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, ადგილი სიმბოლურად შეარჩიეს. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, 18 წლის წინ ასლან აბაშიძის წინააღმდეგ აქციები, რაც მისი გადადგომით დასრულდა, სწორედ ბათუმის უნივერსიტეტთან მიმდინარეობდა.
აქციის მონაწილეებმა უნივერსიტეტიდან აჭარის მთავრობასთან მსვლელობით გადაინაცვლეს. აქციაზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ როგორც ადგილობრივი ლიდერები, ასევე პარტიის ლიდერების ნაწილი თბილისიდან, სააკაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები.
„ამ ადგილით ამაყობდა მიხეილ სააკაშვილი. ხედავთ სასტუმროებს, ინფრასტრუქტურას, ეს არის მიშას დამსახურება. თითოეული თქვენგანის იმედი მაქვს. ოჯახის სახელით ვიღებ პასუხისმგებლობას, სათავეში ჩავუდგე მოძრაობას, რომელიც გადაარჩენს მიშას“, – განაცხადა აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა.