მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე „ტელეიმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე და მთაწმინდის პარკის ყოფილი დირექტორი გოგი ჯაოშვილი დაიკითხა
2007 წელს „ტელეიმედის“ და მთაწმინდის პარკის იძულებით ჩამორთმევის ეპიზოდზე ბადრი პატარკაციშვილის ბიზნესპარტნიორი, ტელეიმედის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე და მთაწმინდის პარკის ყოფილი დირექტორი გოგი ჯაოშვილი დაიკითხა.
მან გაიხსენა, რა გახდა პატარკაციშვილისა და ყოფილი ხელისუფლების დაპირისპირების საფუძვლები. მოჰყვა, როგორ დაიწყო მაშინდელმა ხელისუფლებამ პატარკაციშვილის აქტივების შევიწროება და როგორ შეიყვანა სპეცრაზმი მთაწმინდის პარკსა და „ტელეიმედში“.
გოგი ჯაოშვილმა პატარკაციშვილის ქონების დეიდაშვილზე, ჯოზეფ ქეიზე გადაფორმებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პატარკაციშვილისთვის ქეი იმდენად ახლობელი ადამიანი იყო, ეჭვიც არ გასჩენია, რომ ქეი ყალბი დოკუმენტებით სარგებლობდა. ჯაოშვილის თქმით, ის პატარკაციშვილს წილების გადაფორმებას სთხოვდა.
„ნოტარიუსთან ფორმიანები დახვდნენ. ნოტარიუსს საბუთები ჰქონდა გამზადებული, რომლის მიხედვითაც, „ტელეიმედის“ წილები ჯოზეფ ქეისთვის უნდა გადამეფორმებინა. ყადაღის მოხსნის დოკუმენტი, სასამართლოს გადაწყვეტილება კი ნახევარ საათში მიიტანეს და იძულებული გახდა, ხელი მოეწერა გასხვისების დოკუმენტებზე. ბადრის ბიზნესმენთა ასოციაციაში მთავრობის მიმართ კრიტიკული გამოსვლის შემდეგ მაშინდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობა დაეძაბა. ამასთან, ტელევიზია თავს თავისუფლად გრძნობდა, რაც მაშინდელ ხელისუფლებას არ მოსწონდა. დაიწყო ხელისუფლებამ მისი აქტივების შევიწროება. 2007 წლის 7 ნოემბერს მთაწმინდის პარკის თანამშრომელი მირეკავს, რომ სასწრაფოდ ამოდი, შემოიჭრნენ სამხედრო ფორმიანი და ნიღბიანი ხალხიო. გავიქეცი მთაწმინდაზე, 10-მდე კაცი – ნიღბებში, დანარჩენი 50-მდე კი უნიფორმაში იყო. ყველამ დატოვეთ პარკის ტერიტორიაო. გამოგვაძევეს მუშებიანად. ერთი ის გავიგე, რომ მერის მითითებით იყვნენ გამოძახებული. ამ გარკვევებში ვიყავი, როდესაც საღამოს გავიგე, რომ „ტელეიმედი“ დაარბიეს. დალეწილი იყო ყველაფერი. ბევრჯერ გაშუქდა და ვნახეთ, იქ რა ვითარება იყო. ვერ შევედი, ცემა-ტყეპა იყო. რომელი სტრუქტურა იქნებოდა, ამას რა აზრი ჰქონდა ჩვენთვის, არ დამიწყია გარკვევა, ხელისუფლება იყო. ქალაქის მერიამ 49-წლიანი ხელშეკრულება მოშალა. გაუგებარი რამე იყო. 18 მილიონი დოლარი გვქონდა მთაწმინდის პარკში დახარჯული, გაგვიზარდა იჯარის ფასები მთაწმინდის ტერიტორიაზე, წინასწარ არ იყო შეთანხმებული. როგორც ხელშეკრულებაში ეწერა, ასეთი რამ არ ყოფილა და გვითხრეს, თქვენ უნდა გადაიხადოთ დიდი თანხაო. მერე გამოაცხადეს, რომ ვწყვეტთ ხელშეკრულებასო. ეს წვრილმანი იყო. მთავარი მიზანი იყო მთაწმინდის პარკის კონფისკაცია. 2008 წლის მარტში მერიაში აპარატის უფროსმა, მამუკა ახვლედიანმა დამიბარა და მითხრა, რომ მე ახლა თქვენ გელაპარაკებით, როგორც გიგი უგულავა, სარჩელი გამოიტანეთ სასამართლოდანო. მთაწმინდის უძრავ-მოძრავი ქონება ქალაქის მერიას უსასყიდლოდ ერთი პირობით უნდა გადასცემოდა, უცხოელ ინვესტორებთან თუ ვალი გაქვთ, იმას ჩვენ გავისტუმრებთო. ვერ შევთანხმდით და მე მომიწია წასვლა საქართველოდან. სავარაუდოდ, უგულავას ელაპარაკა ახვლედიანი და შეტყობინება მოვიდა უგულავასგან, რომელიც წამიკითხეს, ჯაოშვილს გადაეცი, ერთ ადგილზე გავუშვებ მაგასო, თუ არ დავთანხმდებოდი მთაწმინდის ქონების დათმობას. გიორგი ისაკაძეც ესწრებოდა იქ შეხვედრას, ქაღალდი დამიდეს, ხელი მოაწერეო, ოთხი პუნქტი იყო“, – განაცხადა გოგი ჯაოშვილმა.
„Ტელეიმედში“ შეჭრის, 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის საქმეზე ექსპრეზიდენტი და ოთხი ყოფილი მაღალჩინოსანია ბრალდებული. მათ შორის ზურაბ ადეიშვილი, ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა და დავით კეზერაშვილი.