თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კვლავ გადაიდო.
პროცესზე წაიკითხეს პენიტენციური სამსახურის მიერ წარმოდგენილი წერილი, რომლის მიხედვითაც სააკაშვილს შესთავაზეს პროცესზე დასწრება როგორც უშუალოდ დარბაზში, ისე დისტანციურად, მაგრამ სააკაშვილმა უარი განაცხადა და მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
პროცესზე წარმოდგენილი იყო წერილი კლინიკა „ვივამედიდანაც“, რომლის მიხედვით პროცესზე მისი დასწრება მიზანშეუწონელი იყო მკურნალობის გამო. შესაბამისად, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა პროცესი 20 სექტემბრამდე გადადო.
აღნიშნულ ეპიზოდზე მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელ თემურ ჯანაშიასთან ერთად არის ბრალდებული და მათ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვა ედებათ ბრალად.