თუ სალომე ზურაბიშვილი მივა დასკვნამდე, რომ მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, მას ჩვენთან პატიმრობა კი არა, არანაირი აღკვეთა აღარ აქვს და ის გარეთ იქნება, – ამის შესახებ 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის საქმის განმხილველი კოლეგიის წევრმა მოსამართლე, ლია ორკოდაშვილმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, იქნება თუ არა ორშაბათს მიხეილ სააკაშვილი განსასჯელის სკამზე, ლია ორკოდაშვიოლმა განაცხადა, რომ მისი აზრით, იქნება.
„რატომღაც მგონია, რომ კი. იცით რატომ, უსვამენ ხაზს, რომ ფიზიკურად უკვე უკეთესად არის, გადაადგილება შეუძლია. პლუს, რამდენიმე დღე დარჩა იქამდე“, – განაცხადა ლია ორკოდაშვილმა.
მისივე თქმით, თუ ბრალდებულს სასამართლო დარბაზში არ მიიყვანენ, მის გარეშე განხილვას არ გამართავენ.
„ალბათ უფრო ვერავინ გაბედავს, რომ იმ კონსილიუმის წინააღმდეგ წავიდეს და თუ ისინი იტყვიან, რომ მისი ტრანსპორტირება შესაძლებელია, არ მოიყვანონ. მაგრამ თუ არ მოიყვანენ, ჩვენ ისევ არ განვიხილავთ მის გარეშე“, – აღნიშნა ლია ორკოდაშვილმა.
კითხვაზე, რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც მიხეილ სააკაშვილის გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში შეყვანის კადრები ნახა, ლია ორკოდაშვილმა აღნიშნა, რომ როგორც ადამიანს და როგორც მოსამართლეს, ძალიან მძიმე რეაქცია ჰქონდა.
„ძალიან განვიცადე. მკვლელიც რომ იყოს ადამიანი, მისადმი მოქცევა ფარგლებში უნდა იჯდეს“, – დასძინა ლია ორკოდაშვილმა.
კითხვაზე, იყო თუ არა ეს არაადამიანური მოპყრობა, მოსამართლემ აღნიშნა, რომ ეს მძიმე სანახავი იყო.
„რაც ჩვენ გვაჩვენეს, საკმაოდ მძიმე სანახავი იყო“, – განაცხადა ორკოდაშვილმა.
ამასთან, ლია ორკოდაშვილმა ასევე ისაუბრა გლდანის ციხეში პატიმრების მხრიდან სააკაშვილის მიმართ შესაძლო ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე.
„რა თქმა უნდა, ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, ამ დროს ყველაფერი უნდა გამოიკვლიო და თუ მიხვედი დასკვნამდე, რომ ამ ყველაფერმა ამ ადამიანის ტანჯვა გამოიწვია, მაშინ მას მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაცია“, – აღნიშნა ლია ორკოდაშვილმა.
ლია ორკოდაშვილი ასევე იხსენებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან პირადი შეხვედრა დაახლოებით 20 წლის წინ ჰქონდა, როდესაც ის მოსამართლე გახდა, სააკაშვილი კი იუსტიციის მინისტრის პოსტს იკავებდა. ორკოდაშვილის თქმით, სააკაშვილმა კაბინეტში დაიბარა და დაწინაურება შესთავაზა.
„ჩვენ გვქონდა პირადი შეხვედრა. არ ვიცი, ახსოვს თუ არა, მაგრამ მგონი, უნდა ახსოვდეს. მეო თქვენი ბიოგრაფია, თქვენი გამოცდილება ვნახეო და მითხრა, თუ გაქვთო სურვილი, რომ ვაკე-საბურთალოს ან მთაწმინდა-კრწანისის თავმჯდომარე გახდეთო. მე ჯერ მოსამართლეობის გამოცდილება არ მქონდა, ეს ერთი და მეორე, მე სწორედაც იმიტომ ჩავაბარე გამოცდა, რომ მინდოდა, მოსამართლე ვყოფილიყავი და ადმინისტრაციულ თანამდებობას შეიძლება, ამაში ხელი შეეშალა, რადგან 10 საქმის ნაცვლად, მაშინ ერთი უნდა განმეხილა. მე ეს ავუხსენი მაშინ, აბსოლუტურად გამიგო და დამთანხმდა“, – აღნიშნა ლია ორკოდაშვილმა.
ამასთან, მოსამართლემ განმარტა, რატომ გაიმართა წინა სასამართლო სხდომა სააკაშვილის დასწრების გარეშე.
„ჯერ ერთი, სასჯელაღსრულების დაწესებულება ექვემდებარება იუსტიციის სამინისტოს და არა სასამართლო ხელისუფლებას. მეორე, ჩვენ როდესაც მოგვდის საბუთი, სადაც წერია, რომ პატიმარი ვერ მოგყავს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩვენ ხომ არ ვართ ექიმები, ექსპერტები. ეს ადამიანი ან გზაში გახდეს ცუდად და რამე დაემართოს, ან სასამართლო პროცესზე, მერე ჩვენ რა უნდა ვქნათ, მითხარით“, – განაცხადა მოსამართლემ.
ამასთან, ორკოდაშვილის თქმით, 7 ნოემბრის საქმეზე წინა სასამართლო სხდომაზე და სხდომის შემდეგ მოსამართლეების მიმართ გამოთქმული კრიტიკის გამო ძალიან ინერვიულა.
„ადამიანმა, როგორც მოსამართლემ თუ იცი, რომ თუნდაც ნული მთელი მემილიონედი რაღაც დაგიშავებია, გაჩუმდები, მაგრამ როგორც ადამიანი და მოსამართლე, რომელსაც არაფერი დაგიშავებია, არ მიგიღია იმ ადამიანის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება და როდესაც შენზე ასეთი ინფორმაცია ვრცელდება, ეს ჩემთვის რა იყო, ვერ გეტყვით. უკაცრავად, შეიძლება, არც უნდა ვლაპარაკობდე, მაგრამ ექიმთან წასვლაც დამჭირდა ნერვებთან დაკავშირებით, ისეთი სერიოზული განცდა მქონდა. ძალიან ვინერვიულე“, – განაცხადა ლია ორკოდაშვილმა.
მოსამართლის თქმით, თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, სააკაშვილი საპატიმროს მაშინვე დატოვებს, რადგან მას აღკვეთის ღონისძიება არ აქვს შეფარდებული.
„თუ ქალბატონი სალომე მივა იმ დასკვნამდე, რომ გაითვალისწინოს ყველა ის გარემოება, რაც ხდება ყოფილი, მესამე პრეზიდენტის ირგვლივ და შეიწყალოს ის, ჩვენ რომ პატიმრობა არ გაგვეუქმებინა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, მიუხედავად შეწყალებისა, სააკაშვილი დარჩებოდა საპატიმროში. ახლა თუკი ქალბატონი სალომე მივა იმ დასკვნამდე, რომ მას შეიწყალებს, მას ჩვენთან პატიმრობა კი არა, არანაირი აღკვეთა აღარ აქვს და ის გარეთ იქნება“, – აღნიშნა ლია ორკოდაშვილმა.
ლია ორკოდაშვილის თქმით, მასზე ზეწოლა რომც განხოციელებულიყო, ამას შედეგი არ მოჰყოლია, თუმცა, მისივე განმარტებით, წინა ხელისუფლების მმართველობის ბოლო პერიოდში ზეწოლას ადგილი ჰქონდა.
„ჩემზე ზეწოლა გინდაც ყოფილიყო, ამას არაფერი შედეგი არ მოჰყოლია. რაღაც პერიოდში… ოღონდ, სხვათა შორის, მინდა, ვთქვა, რომ ახლა ნაკლებად. ეს იყო უბრალოდ წინა ხელისუფლების ბოლო პერიოდში, თავიდან არა. როდესაც მე დარბაზში შემოვდივარ და კარებს შემოვიხურავ, ჩემთვის ყველაფერი მთავრდება და მთლიანად ჩართული ვარ იმ პროცესში, იმ ადამიანის ბედის გადაწყვეტაში, ვის საქმესაც ვიხილავ“, – განაცხადა მოსამართლემ.
მისივე თქმით, სასამართლოს ინტერესშიც არის, რომ განსასჯელმა მისი საქმის განხილვაში მიიღოს მონაწილეობა.
„მე როგორც გავარკვიე, მოთხოვნა უკვე გაგზავნილია. ჩვენს ინტერესში შედის ყველანაირად, ადამიანურადაც და სამართლებრივადაც, რომ ყველა იმ ადამიანმა, ამ წუთში სააკაშვილზე არც ვთქვათ, ზოგადად ვთქვათ, იმ ადამიანმა, რომლის მიმართაც საქმეს ვიხილავთ, განხილვაში მონაწილეობა მიიღოს, თუკი ჯანმრთელობის მდგომარეობა მისცემს საშუალებას. მე ექიმებსაც ვუსმინე. როგორც ამბობენ, ფიზიკურად უკეთესად არის, მაგრამ ცოტა ფსიქიკური პრობლემებიო და ეს უკვე თვითონ უნდა გადაწყვიტონ. მით უმეტეს, ახლა უკვე ექიმების კონსილიუმიც არსებობს“, – აღნიშნა ლია ორკოდაშვილმა.
კითხვაზე, მიეცემა თუ არა სააკაშვილს მომდევნო სხდომაზე დასწრების შემთხვევაში სიტყვით გამოსვლის უფლება, მოსამართლე ორკოდაშვილი ამბობს, რომ თავად ამის წინააღმდეგი არ არის.
„საერთოდ, სასამართლო სხდომა არ არის პოლიტიკური სხდომა, სადაც ასეთი განცხადება უნდა გაკეთდეს. მაგრამ, ვინაიდან გამორჩეულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე და საუბარია მესამე პრეზიდენტზე, პლუს არის ამდენი ეჭვები, რომ ის სპეციალურად არ მოჰყავთ და ასე შემდეგ. ამ საქმის განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, რომ საუბარია ქვეყნის მესამე პრეზიდენტზე, რა თქმა უნდა, თუ მას მოიყვანენ, საშუალება რეომ მიეცეს, გააკეთოს გარკვეული განცხადება, პირადად მე არავითარ შემთხვევაში და მგონია, რომ ჩემი კოლეგებიც ამის წინააღმდეგნი არ იქნებიან“,- განაცხადა ლია ორკოდაშვილმა.
რაც შეეხება საკითხს, რომ სააკაშვილის საქმე საერთაშორისო მოსამართლეებმა განიხილონ, ორკოდაშვილის თქმით, ეს შეურაცხმყოფელია.
„მე რომ ვიყო ერთი ჩვეულებრივი, მშიშარა არ მინდა, ვთქვა, მაგრამ სულ ერთი რომ იყოს, ვინ განიხილავს და როგორ, შეიძლება მერჩიოს. რატომ, იცით, მე გადავრჩები ამ ამბავს, რაც მოჰყვება ამას, ყოველი პროცესის გაშუქება და ეს რომ ხდება. მაგრამ მე, როგორც მოსამართლეს, ეს ხომ შეურაცხყოფას მაყენებს. გამოდის, რომ საქართველოში, თურმე, არ ვართ ისეთი სამართლიანი მოსამართლეები, რომლებიც გაბედულ და სამართლიან გადაწყვეტილებას მივიღებთ. ეს მე პირადად, როგორც მოსამართლეს, შეურაცხყოფად მიმაჩნია. რატომ უნდა განიხილოს უცხოელმა და რატომ არა ლია ორკოდაშვილმა? გადახედონ ჩემს წარსულს“, – განაცხადა მოსამართლე ლია ორკოდაშვილმა.