მიხეილ სააკაშვილის ოჯახი წევრები საზღვარგარეთ მის გადაყვანას თხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აქციების გამართვას გეგმავენ
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი წევრები აცხადებენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
როგორც მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ გადასაყვანია კლინიკაში.
„ჩვენი მიზანი არ შეცვლილა, შვიდი თვის განმავლობაში გვაქვს ერთი მიზანი როგორმე გამოვიყვანოთ ჩემი შვილი იქიდან, სადაც იმყოფება და გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე. დღეს განსაკუთრებული დღეა ჩვენთვის, რადგან გუშინ გამოცხადდა მისი ახალი დიაგნოზი. შევიდნენ ექიმები, ეს მოხდა სახალხო დამცველის ინიციატივით, მისი ექიმების ჯგუფი იყო შესული. დაისვა ახალი დიაგნოზი, ჩვენი არ იყოს, აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანების ჯგუფი ასევე არიან თურმე ომის პარტიის წევრები, მაგრამ რას იზამ. მე კიდევ სწორედ ამ ადამიანების განსაკუთრებული ნდობა მაქვს. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს ხელისუფლებაზე. ადამიანი არის სასწრაფოდ გამოსაყვანი და გადასაყვანი სადმე კლინიკაში, ალბათ უცხოეთში, თავად ექიმების აზრია ასეთ, რომ საქართველოში სამწუხაროდ არ გვაქვს შესაბამისი კლინიკა, რომ უმკურნალონ ასეთ დაავადებას, ამიტომ ეს უნდა იყოს უსათუოდ სადმე გარეთ, ამის დიდი იმედი და მოლოდინი გვაქვს. ჩვენი სამოქმედო გეგმა არ შეცვლილა, მუდმივად დავდივართ ვაკეთებთ განცხადებებს, ვხვდებით საჭირო ადამიანებს, ვნახოთ როგორ განვითარდება“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა აღნიშნა, რომ რეალურად მიშა არის პუტინის მძევალი საქართველოში, ამიტომ ყველას ღირსების საკითხია, შეუნარჩუნდეს მას ჯანმრთელობა.
„გუშინ გამოქვეყნდა სახალხო დამცველის ანგარიში, ექიმების კვალიფიციური ანგარიში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, აშკარად ჩანს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ახლა სიღრმისეულად არ დავიწყებ ამ დასკვნის განხილვას. მდგომარეობა არის იმაში, რომ საზოგადოებას ჯერ კიდევ გათვითცნობიერებული არ აქვს, რა რისკებთან გვაქვს საქმე. ყველაფერს მოვერევით, მთავარია, მიშა იყოს მხნედ და კარგად. მე, როგორც მიშას ძმა და მთელი ოჯახი, მიშას სიკვდილს არ დავუშვებთ, ეს არის ცალსახა. მინდა, მივმართო სამოქალაქო საზოგადოებას, დედებს, მამებს, ძმებს, შვილებს, ვისთვისაც ღირებულია ადამიანის სიცოცხლე, გთხოვთ, დაგვეხმაროთ მიშას სიცოცხლის გადარჩენაში. მინდა, მივმართო პოლიტიკურ პარტიებს, რომელმაც აქტიური როლი უნდა ითამაშონ იმაში, რომ საქართველოში არ განმეორდეს ის ტრაგედია, რისი გამოცდილებაც ჩვენ დიდი ხნის წინ გვაქვს. მოგიწოდებთ ყველას, გავერთიანდეთ. ძალიან მომწონს სამოქალაქო ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას. საზოგადოების ნაწილი ალბათ მიხვდა, რა ფატალურ რისკებთან გვაქვს საქმე. რეალურად მიშა არის პუტინის მძევალი საქართველოში, ამიტომ ყველა ჩვენგანის ღირსების საკითხია, შევუნარჩუნოთ მას ჯანმრთელობა და მივცეთ უფლება, რომ მონაწილეობას მიიღოს, იცხოვროს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებით“, – განაცხადა დავით სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ორშაბათს, 18:00 საათამდე აძლევენ დროს მთავრობას, რათა უზრუნველყონ სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ. „თუ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, გამოვაცხადებთ პერმანენტულ აქციებს და მერე უკვე დიდ აქციას“,- აღნიშნა დავით სააკაშვილმა.