მიხეილ სააკაშვილის მომხრეები უკრაინის პრეზიდენტს 18 თებერვლამდე ნებაყოფლობით გადადგომისკენ მოუწოდებენ
მიხეილ სააკაშვილის მომხრეები უკრაინის პრეზიდენტს 18 თებერვლამდე ნებაყოფლობით გადადგომისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მასშტაბურ საპროტესტო გამოსვლებს აანონსებენ.
რადას დეპუტატმა იური დერევიანკომ დღევანდელი მიტინგის რეზოლუცია წაიკითხა.
მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტს 18 თებერვლამდე მაიდანზე ელოდებიან და მისგან ნებაყოფლობით გადადგომას ითხოვენ.
„2018 წლის 18 თებერვალს 12 საათზე ჩვენ გამოვდივართ მაიდანზე კიევში, უკრაინის ყველა ოლქის დიდ და პატარა ქალაქებში. ჩვენ მილიონობით ვიქნებით“, – განაცხადა დერევიანკომ
როგორც მიხეილ სააკაშვილმა ევროპის მოედანზე გამართულ აქციაზე აღნიშნა, 18 თებერვლამდე ალტერნატიულ მთავრობას და პრეზიდენტობის ათობით კანდიდატს წარადგენენ.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, 18 თებერვალს უკრაინის ყველა მსხვილ ქალაქში საპროტესტო გამოსვლები გაიმართება. მან აქციის მონაწილეებს მიმართა და მოუწოდა, რომ თითოეულმა მათგანმა მომავალ დემონსტრაციაზე თითო ადამიანი მოიყვანოს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ახლა გადადგომით უკრაინის პრეზიდენტი სისხლის ღვრასა და სამოქალაქო ომს აიცილებს თავიდან, თუმცა თუ პრეზიდენტი პოროშენკო კვლავ გააგრძელებს რეპრესიებსა და უკანონო ქმედებებს, „სასჯელი იქნება ძალიან მკაცრი“.
„ხალხის რისხვა იქნება მკაცრი. მაშინ ის რუსეთში უკვე ვეღარ გაიქცევა, ხოლო დასავლეთი მას არ მიიღებს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სიტყვით გამოსვლა ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა ბოლო დროს დონბასში დაღუპულთა სახელების ჩამოთვლით დაიწყო და მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.
„სანამ ჩვენი მეომრები იღუპებოდნენ სამშობლოში პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ისვენებდა მალდივის კუნძულზე და ასობით ატას დოლარს ინდოეთის ოკეანეში ყრიდა. ვიდრე სამხედროები იღუპებოდნენ, ის ყალბი საბუთებით წავიდა ქვეყნიდან დასასვენებლად. ის აფურთხებს ჩვენს სამხედროებს, უკრაინას და თითოეულ ჩვენგანს. მინდა მივმართო პოროშენკოს. თუ ახლა ის მშვიდად წავა და არ დაუშვებს სისხლის ღვრას, წავა და აღიარებს, რომ ვერ შეძლო სიმაღლეზე ყოფნა. შესაძლოა, ტკბილეულის ქარხნის კარგი პრეზიდენტი იყო. თუმცა ის არ არის დაბადებული პრეზიდენტობისთვის. მინდა ვუთხრა, რომ თუ ახლა წავა, უკრაინელი ხალხი ძალიან მომთმენი და სულგრძელია. დააფასებენ იმას, რომ არ დაუშვა სისხლისღვრა და თავიდან აიცილა სამოქალაქო ომი და უკრაინის საბოლოო დამცირება საერთაშორისო საზოგადოების თვალში. დარწმუნებული ვარ, ასეთ შემთხვევაში მას ბევრს აპატიებენ და თავს დაანებებენ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა
მიხეილ სააკაშვილის თქმით, კრეშატიკზე, სადაც „ახალი ძალების მოძრაობის“ მსვლელობა უნდა გამართულიყო, პრეზიდენტის განკარგულებით რკინის კონსტრუქციები და სცენა აღმართეს.
„სინამდვილეში ამ შეშინებულმა პეტრომ რკინის პამპერსები დაიყენა, რათა ჩვენ ვერ შევძლოთ სცენის დაყენება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
გამოცემა „უკრაინასკაია პრავდას“ მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ მარშში 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.