მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა
მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმე არსებითი განხლვის ეტაპზე გადადის.
დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელეს. სასამართლომ ორივე მხარის მტკიცებულებები დასაშვებად ცნო.
ამასთან, სასამართლომ განიხილა ადვოკატების შუამდგომლობა და არ დააკმაყოფილა მოთხოვნა სააკაშვილისთვის სატელეფონო ზარების აღდგენის შესახებ.
მოსამართლე ლელა კალიჩენკომ განმარტა, რომ აღნიშნული შუამდგომლობა არ გამომდინარეობს კანონიდან და გადაწყვეტილების მიღებისას საპროცესო კოდექსით იხელმძღვანელა.
როგორც პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, დადგენილია ყველა ის პირი, ვინც რაიმე ფორმით ეხმარებოდა ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს საზღვრის გადმოკვეთაში. პროკურორის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთაში წინა ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსანი ეხმარებოდა.
„საქმე არსებით განსახილველად გადაეცა. დაცვის მხარემ მტკიცებულებები გახადა სადავო, თუმცა რას დავობს, გაუგებარია. მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად არ გადმოულახავს საზღვარი, ის იმყოფება საქართველოში და სწორედ ეს არის დანაშაული. ამ საქმეზე დადგენილია ყველა ის პირი, ვინც რაიმე ფორმით ეხმარებოდა ბრალდებულს უკრაინის და შემდეგ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთაში. შესაბამისად, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სრულად ამოწურვის შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთაში ეხმარებოდა წინა ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსანი. რაც შეეხება ვინაობას და სხვა გარემოებებს, ბრალდების მხარე მტკიცებულებების მოკვლევის შემდეგ მიიღებს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას. ამ საქმეზე დაიწყება საქმის არსებითი განხილვა და მოგვიანებით შეიტყობთ სხვა პირებზე, ვინ და რა მუხლებით მიეცამა პასუხისგებაში“, – აღნიშნა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლების შიში გრძელდება.
„სააკაშვილს სამგზის შეუზღუდეს ზარების უფლება. ეშინიათ და აქვთ ძრწოლა, რომელიმე თქვენგანის ეთერში არ დარეკოს და პირდაპირ არ ესაუბროს ხალხს. საფუძველი დაურთეს, რომ პატიმრობაშია, არადა ამ საქმეზე არც აქვს პატიმრობა. სააკაშვილის პოლიტიკური დევნის ამსახველი ინფორმაცია საქმეს მტკიცებულებად დაერთო. ამ საქმეში მთავარი მოტივაცია რომ პოლიტიკურია, ეს პროკურორმაც დაადასტურა. მომეტებულ საფრთხედ აფასებენ პრეზიდენტობას და მათ უნდათ, რომ სააკაშვილის დაბრუნება შეაფასონ, როგორც დანაშაულებრივი ქმედება“, – აცხადებს ბექა ბასილაია.
დღევანდელ სასამართლო სხდომას აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი არ ესწრებოდა. მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე შემდეგი პროცესი 22 დეკემბერს ჩაინიშნა.