მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის კვეთის საქმეზე რამდენიმე პირს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა და მასალები გამოძიებას გადაეცა
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სპიკერი ანდრეი დემჩენკო აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის შესაძლო უკანონო კვეთასთან დაკავშირებით ჩატარებული შიდა შემოწმების შედეგად, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა რამდენიმე თანამდებობის პირს დისციპლინური სასჯელი დააკისრა.
ამის შესახებ ანდრეი დემჩენკომ უკრაინულ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ განუცხადა.
„უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საზღვრის შესაძლო უკანონო კვეთის გარემოებებთან დაკავშირებით სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ადმინისტრაციამ სექტემბრის ბოლოს სამსახურებრივი გამოძიება ჩაატარა. გამოძიების ჩატარების პერიოდში სასაზღვრო განყოფილების, სასაზღვრო დანაყოფისა და სამხრეთის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი შემადგენლობიდან თანამდებობის პირებს თანამდებობრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ. ვერ გავასაჯაროებ გამოძიების ყველა დეტალს, ვინაიდან მასალები შეზღუდული წვდომის ინფორმაციას შეიცავს, თუმცა აღვნიშნავ, რომ ისინი გადაეგზავნა წინასწარი გამოძიების შესაბამის ორგანოს, რომლის მიერ მოცემულ ფაქტზე სისხლის სამართლის წარმოება დაიწყო. დავამატებ, რომ გამოძიების შედეგად უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ზემოაღნიშნული განყოფილებებიდან და ორგანოებიდან თანამდებობის რამდენიმე პირს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა“, – განუცხადა დემჩენკომ მედიასაშუალებას.
როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში არ დაუკონკრეტებიათ, რაში მდგომარეობს დისციპლინური სასჯელი და რამდენ ადამიანს დაეკისრა. ამასთან, უწყებაში არ თქვეს, დადგინდა თუ არა მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტი.