მიხეილ სააკაშვილი - ვხედავ იმ შეცდომებს, რაც დაუშვა ვანო მერაბიშვილმა, რომ არა ეს გადაცდომები, ივანიშვილს ჩვენი ქვეყნის ხელში ჩაგდება შედარებით გაუძნელდებოდა
მიხეილ სააკაშვილი - ვხედავ იმ შეცდომებს, რაც დაუშვა ვანო მერაბიშვილმა, რომ არა ეს გადაცდომები, ივანიშვილს ჩვენი ქვეყნის ხელში ჩაგდება შედარებით გაუძნელდებოდა

ვანო მერაბიშვილს რამდენჯერმე უთხრეს, მოგვეცი ცრუ ჩვენება სააკაშვილზე და გაგიშვებთო. მან არ აიღო სინდისზე ხელი, არ მოაბოდიალა რაღაც ტყუილი, რაც ვიღაც-ვიღაცებმა იკადრეს. ამიტომ, მის მიმართ პირადი ვალდებულების განცდა მაქვს, თუმცა მშვენივრად ვხედავ იმ შეცდომებსაც, რაც ვანომ დაუშვა,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

სააკაშვილის აზრით, რომ არა გადაცდომები, ივანიშვილს შედარებით გაუძნელდებოდა, საქართველო ხელში ჩაეგდო.

ამასთან, კითხვაზე, იქნება თუ არა ვანო მერაბიშვილი მისი პირადი შტაბის ხელმძღვანელი ციხიდან გამოსვლის შემდეგ, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ შტაბს თავად უხელმძღვანელებს.

„სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის დირექტორი არის დიმიტრი შაშკინი, რომელიც ჩამოვა და მასთან ერთად გადავწყვეტ ტექნიკურ საკითხებს. ამ შტაბის ხელმძღვანელი ვიქნები უშუალოდ მე და ადგილზე იქნება ჰორიზონტალური სტრუქტურა.

რაც შეეხება ვანოს, ვანო მერაბიშვილს, რამდენჯერმე უთხრეს, მათ შორის ციხიდან გაიყვანეს და ისე უთხრეს, მოგვეცი ცრუ ჩვენება სააკაშვილზე და გაგიშვებთო. ეს კაცი ამდენი წელია, ზის იქ მხოლოდ იმის გამო, რომ არ აიღო სინდისზე ხელი და არ მოაბოდიალა რაღაც ტყუილი, რაც ვიღაც-ვიღაცებმა იკადრეს. ამიტომ მე მაქვს მის მიმართ პირადი ვალდებულების განცდა. თუმცა, მშვენივრად ვხედავ იმ შეცდომებსაც, რაც დაუშვა ვანომ. ვხედავ იმ გადაცდომებსაც, რაც დაუშვეს მაშინ ამ სისტემებში და მინდა ვთქვა, რომ არა ეს გადაცდომები, შედარებით გაუძნელდებოდა ივანიშვილს, ჩაეგდო ჩვენი ქვეყანა ხელში, ყველას კუთვნილი ქვეყანა ექცია პირად ლუკმად. მე მაქვს ჩემი პირადი ემოციები.

თუმცა, მინდა ვთქვა, როდესაც ვანო ჩასვეს ციხეში სრულიად უდანაშაულოდ, რადგან რაც მას მიუსაჯეს სრულიად სასაცილო იყო, იმის შემდეგ მსოფლიო შეიცვალა. მაგალითად ვანო რომ ჩასვეს, ასეთი „აიფონი“ არ არსებობდა, ვანო რომ ჩასვეს იყო „ნოკიები“, ვანო რომ ჩასვეს, მსოფლიო იყო სხვა. ამიტომ, ჩემი აზრით, ახლა მე რომ ვანოს ადგილზე ვიყო, მე ასე მასთან პირადი კონტაქტი არ მაქვს, დავუბრუნდებოდი ჩემს ოჯახს, დავტკბებოდი ჩემს შვილებთან ახლოს ყოფნით, ვიმოგზაურებდი მსოფლიოში, გავახელდი თვალებს, გავიხედ-გამოვიხედებოდი და მხოლოდ ამის შემდეგ, რაღაც პერიოდის შემდეგ მივიღებდი რაღაც გადაწყვეტილებებს“, -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.